“თავისუფალი დემოკრატების” განმარტებით, გედევან ფოფხაძე, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პროკურატურის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაში მათ პოზიციას იზიარებენ და ამ კუთხით პარტია ერთიანობას ინარჩუნებს.
“ამ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ ერთიანნი, ეს გამოწვევა არა მარტო პარტიას, არამედ მთელ საზოგადოებას უდგას წინ. ფოფხაძესაც და ზალკალიანსაც დაინახავთ ხვალ, ზეგ, მაზეგ ჩვენს გვერდით. ზალკალიანი არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მე არ გამოვრიცხავ, რომ ის დაკავებული იყო გარკვეული საქმიანობით”, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მას არა აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა დღევანდელ ბრიფინგს გედევან ფოფხაძე. ხოლო დავით ზალკალიანი დღეს იმყოფებოდა თბილისის საკრებულოში, სადაც დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
რაც შეეხება თეა წულუკიანს, თუ რატომ არ იყოს დღევანდელ პრესკონფერენციაზე, დეპუტატ ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამ საკითხზე შეკითხვა თავად წულუკიანს უნდა დავუსვათ.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნება”. მას შემდეგ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა სამი სამინისტრო ჩაიბარეს. კერძოდ, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრად- ირაკლი ალასანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე- ალექსი პეტრიაშვილი. თუმცა, იმავდროულად, წულუკიანმა პარტიის წევრობა შეიჩერა, ხოლო ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, თამაზ ჯაფარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი. სამი მათგანი არის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კერძოდ, დოლიძე ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს.
