თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში მდებარე ქართული მონასტრის, დოლისყანის კარიბჭეში საპირფარეშოების სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ, “ნეტგაზეთს” განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების შესახებ სახელმწიფოს ნებართვა არ გაუცია და მშენებლობას, სავარაუდოდ, ადგილობრივები ახორციელებდნენ. გიორგი ჯანჯღავას თქმით, თურქულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავს პროცესს არ დაუშვებს.
“თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას.
ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა. ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხრიდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია”, – აღნიშნავს ელჩი.
ინფორმაცია, რომ დოლისყანის კარიბჭეში საპირფარეშოები ეწყობოდა, თავდაპირველად, ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა. ცნობას თან ახლდა შესაბამისი ფოტოები, რომლებიც, ისტორიკოსის თქმით, ტურისტების მიერაა გადაღებული.