“თავისუფალი დემოკრატები” არიან ჩვენი პარტნიორები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ  და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ და ღიად წარიმართება და გაქრება ყველა კითხვა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, ”- განაცხადა დღეს, 4 ნოემბერს “რეპორტიორის პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმესთან დაკავშირებით.

ხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე

“ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება მათთან თანამშომლობის და გვჯერა თავდაცვის მინისტრის, რომელიც არის მყარად დარწმუნებული თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში. ამ საქმეში არსებობს შეკითხვები პოლიტიკურ ნაწილზე და მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ ნაწილსა და

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე კითხვები იქნება თუ არ იქნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი და მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გრიფი ადევს საქმეს, როდესაც პროკურატურის ზეწოლაზეა საუბარი და პროცედურულ დარღვევებზე, რა თქმა უნდა, კითხვები დარჩება და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვების გაქარწყლებისთვის რომ არ იყოს მხარე პრემიერი.

 

ჩვენი კოალიციური პარტნიორი, ირაკლი ალასანია, ერთ-ერთი ლიდერია კოალიციაში და ამ კოალიციის ყველა წევრი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოს ჩვენს პარტნიორ პარტიას კოალიციაში,”- აღნიშნა სამნიძემ.

 

 

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს მხარე:

 

“პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს მხარე. მის დაქვემდებარებაშია როგორც სამინისტრო, ასევე, პროკურატურა. მისი განცხადება, რომ მაქვს კითხვები მინისტრთან, მე ვფიქრობ, რომ არასწორია. მას კითხვები არ უნდა ჰქონდეს მინისტრთან. კითხვები აქვს პროკურატურას, სასამართლოში გადავა ეს საქმე. პრემიერ-მინისტრი არ არის კითხვების დამსმელი და ბრალმდებელი. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ბადებს შეკითხვებს, რომელიც არსებობს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით ამ საქმეში”.

 

ხათუნა სამნიძის თქმით, თუ პროკურატურა დაუშვებს შეცდომას, უნდა დადგეს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი:

“ამ კონკრეტულ საქმეში პროკურატურის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დაუშვებს შეცდომას და პროკურატურა იქნება ბრალეული იმაში, რომ არასწორად დაიწყო საქმე, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი,”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” აერთიანებს 6 პოლიტიკურ ძალას, ესენია: პარტია “ქართული ოცნება”, “რეპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი”, “კონსერვატორები”, “მრეწველები”.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროში, რის შედეგადაც ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულია სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი, ხოლო ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის საქმეზე ბრალდებულია სამინისტროს 6 მაღალჩინოსანი. მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *