“გვქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ნაბიჯების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე. ბუნებრივია, საქმის ვითარებაში გავარკვიე, მოვუტანე გარკვეული დეტალები იმის ირგვლივ, თუ ამ ბოლო დღეების განმავლობაში რაზეც მუშაობს პროკურატურა და რაზეც საზოგადოება საქმის კურსშია.
ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ასევე ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები, და მთავარი, რაც მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარეს. თუკი პარლამენტი დაინტერესდება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ამ წლის დასაწყისში ჩვენ კანონის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს უკვე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის და თუკი სურვილი იქნება პარლამენტის, ან კომიტეტის, ან პარლამენტარების მხრიდან, თავდაცვის სამინისტრო სრულად არის მზად ითანამშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანაში პარლამენტთან,”– განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ.
დავით უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ პარლამენტს ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნული შეკითხვის შესახებ, რადგანაც 2012 წლის შემდეგ ორ მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე.
“ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო მიმოწერა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ სესიაშვილს და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანავე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე რომ, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო,”– განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი ამ საქმეს თვალს მიადევნებს:
“ჩვენც, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს და ყველა სახელმწიფო უწყება მოქმედებდეს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ემსახურებოდეს სახელმწიფოს, პროკურატურას, თავდაცვის სამინისტროს, მთავრობას, პარლამენტსაც. ასე რომ, მე როგორც განვაცხადე, პარლამენტი, რა თქმა უნდა, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით- ეს იქნება კომიტეტის მეშვეობით თუ სხვა საშუალებებით- რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით,”– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით 29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი ხუთივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული.





