ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა: “ხელისუფლებამ განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომელმაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულ ინტეგრაციას ხელი უნდა შეუწყოს. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2015-16-17 წლებში, პედაგოგთა ხელფასი 2015 წლიდან ეტაპობრივად გაიზრდება”.


3 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შემოთავაზებულია შერეული მოდელი – საბაზო ხელფასის ნაწილობრივი გაზრდისა და პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ.


“წარმოდგენილი მოდელის პრინციპულად წინააღმდეგია პედაგოგთა საზოგადოება და სპმთპ. ჩვენ ვითხოვდით და  ვითხოვთ, პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად და უახლოესი 3 წლის განმავლობაში გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად განისაზღვროს კატეგორიებს შორის განსხვავება. ვფიქრობთ, ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. განვლილი წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სასერტიფიკაციო დანამატების და კატეგორიებს შორის სახელფასო განსხვავებების მეშვეობით პედაგოგთა ხელფასის ზრდა წარმოადგენდა ფარსს. იქმნებოდა ილუზია იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავდა პედაგოგთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, მათი მოტივაციისა და განათლების ხარისხის ამაღლებისათვის. მაგალითად, უამრავი ხელოვნური პრობლემა იყო შექმნილი 1000-ლარიანი ხელფასის დამადასტურებელი სერტიფიკატის და 75-ლარიანი  სასერტიფიკაციო დანამატის გაცემის პროცესში. ამის არაერთი ფაქტი გაგვაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგთა 1%-მაც კი ვერ მიიღო 1000-ლარიანი შრომის ანაზღაურება, აღნიშნულმა ცვლილებებმა ვერ გადაჭრა  მასწავლებლის პრობლემა.  


სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებაც, ჩვენი აზრით, იგივე ტენდენციის გაგრძელებაა. ფაქტიურად, საბაზო ხელფასი იზრდება მხოლოდ 50 ლარით, დანარჩენი ხელფასების მატება დაკავშირებულია ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროექტის” მოთხოვნებთან, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა.  გაუგებარია ის გადაწყვეტილებაც, რომ პედაგოგის საბაზო ხელფასი  სიმბოლურად 50 ლარით უნდა გაიზარდოს 2015 წლის სექტემბრიდან, მაშინ, როდესაც საბიუჯეტო წელი იწყება 1 იანვრიდან,” – აცხადებენ სპმთპ-ში.


ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, რომ პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს 2015 წლის 1 იანვრიდან და  საბაზო ხელფასის ზრდა გაიმიჯნოს პედაგოგთა კატეგორიების მიხედვით სახელფასო განსხვავებისაგან: 


“ასეთი მიდგომით უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ პედაგოგებს პროფესიული ზრდისათვის. წარმოდგენილი მოდელი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებითად ვერ ცვლის პედაგოგის მდგომარეობას და შეიძლება ითქვას, რომ პედაგოგთა საზოგადოებას მის მიმართ გამოკვეთილი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს”, – აცხადებენ სპმთპ-ში.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *