ნეტგაზეთი | ომბუდსმენი: მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციამ ტყეში ღამით საცვლების ამარა დატოვა ომბუდსმენი: მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციამ ტყეში ღამით საცვლების ამარა დატოვა – Netgazeti
RU | GE  

ომბუდსმენი: მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციამ ტყეში ღამით საცვლების ამარა დატოვა

საქართველოს სახალხო დამცველი პროკურატურას მიმართავს წინადადებით, რომ შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეზე შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკაშირებით გამოძიება დაიწყოს.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს მოქალაქე დ. ხ-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2014 წლის 18 სექტემბერს დ.ხ საკუთარ სახლში დააკავეს, წაიყვანეს სოფელ გუბისწყლის ტერიტორიაზე და ყაჩაღობის ფაქტის აღიარების მიზნით უმოწყალოდ ცემეს.

 

დ. ხ აცხადებს, რომ ცემის და წამების შემდეგ იგი ხელებზე ბორკილებდადებული მთელი ღამის განმავლობაში, ქვედა საცვლის ამარა დატოვეს ტყეში. მხოლოდ მეორე დილის 6.00 საათზე წაიყვანეს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოში, ხოლო შემდეგ- ქუთაისის დროებით მოთავსების იზოლატორში.

 

დ.ხ-ს განცხადებით, რადგან წამების მიუხედავად არ აღიარა ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის მოხმარების ფაქტიც შესაბამისი შემოწმების დროს არ დაუდგინდა.

 

სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებულთან შეხვედრის დროს ხელებზე, ფეხებზე და ზურგზე აღენიშნებოდა ფუფხით დაფარული დაზიანებები.

 

ომბუდსმენი ხაზს უსვამს იმას, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის თანახმად, დ.ხ-ს დაკავების მომენტში რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, ხოლო რამდენიმე საათში, დროებითი მოთავსების იზოლატორში შემოწმების დროს, მას სხეულზე არაერთი მნიშვნელოვანი დაზიანება ჰქონდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი