ახალი ამბები

“ჩვენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი არ დაგვიკნინებია” – საკრებულოს წევრების განმარტებები

3 ნოემბერი, 2014 •
“ჩვენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი არ დაგვიკნინებია” – საკრებულოს წევრების განმარტებები

ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის ნაწილს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელი რამდენიმე დღის წინ შეეცვალა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი ეწოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კი საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას დაერქვა. ნეტგაზეთის მიერ მოპოვებული დოკუმენტით, რომელიც სხდომის ოქმს ასახავს, ზემოხსენებულ გადაწყვატილებას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის ორმა წევრმა- გულიკო ზუმბაძემ და დავით ზურაბიშვილმა. საკრებულოში რესპუბლიკელების ფრაქციის ხელმძღვანელის ხათუნა სამნიძის მტკიცებით, ოქმში არასწორი ინფორმაციაა ასახული, რადგან ზურაბიშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ეს არც სამნიძეს გაუკეთებია, რომელიც აცხადებს, რომ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებასთნ დაკავშირებით შეკითხვები აქვს:

 

“ახლა ჩემთვის ადვილი სათქმელია იმიტომ, რომ სხდომაზე არ ვიყავი, მაგრამ კითხვას დავსვამდი და ვიმსჯელებდით, რატომ მოხდა, რომ 2000 ადამიანის ხელმოწერა საკმარისია იმისათვის, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას გადავარქვათ სახელი. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ ქუჩებზე და რა ნაწილი ითხოვს ამას? ასეთ პირობებში საკრებულომ სხვა მაცხოვრებლების მოსაზრებებიც უნდა განიხილოს. ჩვენ ალბათ მხარს არ დავუჭერდით”, – ამბობს იგი.

 

სამნიძის თქმით, იგი კენჭისყრის დღეს ქუთაისში გამეგზავრა ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაკავების საკითხზე. დეპუტატი იმასაც აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომამდე გაიმართა ბიუროს სხდომა, სადაც მან არაოფიციალურად იკითხა ჩოლოყაშვილის ქუჩის საკითხზე და პასუხად მიიღო, რომ საქმე არა ქუჩისათვის სახელის გადარქმევას, არამედ იქვე მდებარე ერთ-ერთი ჩიხისათვის გაბრიელ ბერის სახელის მინიჭებას ეხებოდა, თუმცა დღეს, 3 ნოემბერს სამნიძე ვერ იხსენებს, ვის დაუსვა ეს შეკითხვა ბიუროს სხდომაზე და ვისგან მიიღო ზემოხსენებული დეზინფორმაცია. დეპუტატი საკრებულოში სახელების წესთან დაკავშირებით არსებული პროცედურის გაუმართაობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ხშირად ერთ სხდომაზე 40-მე ქუჩის სახელდებას ან დასახელების შეცვლას ეყრება კენჭი, რაც პროცესს ართულებს.

 

იმ ოქმის მიხედვით, რომელიც ნეტგაზეთმა დღეს გამოაქვეყნა, ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას მხარი ალექსანდრე ელისაშვილმაც დაუჭირა, თუმცა მან ნეტგაზეთს უთხრა, რომ ზემოხსენებული საკითხის კენჭისყრისას სხდომაზე საერთოდ არ ყოფილა. მან არ უპასუხა ნეტგაზეთის დამატებით კითხვებს, რას ფიქრობდა საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს ხვდებოდა და ჩვენთან სასაუბროდ დრო არ ჰქონდა.

ოქმის მიხედვით, კენჭისყრაში მონაიწლეობა არ მიუღიათ ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრებს:

 

“რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ქალაქში ბერი გაბრიელის ქუჩა არსებობდეს, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას გადაერქვას სახელი. უკეთესი გადაწყვეტილების მოძებნა შეეძლო უმრვალესობას”, – გვითხრა საკრებულოში ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ.

 

საკრებულოს სახელდების წევრი ლია ჯახველაძე კი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ქუჩების სახელების საკითხებით ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ ინტერესდება და სხდომებზე არ დადის. იგი ფიქრობს, რომ კენჭისყრაზე ენმ-ის წევრების არყოფნა სწორედ მათ ამ ზოგად დამოკიდებულებას უკავშირდება და არა კონკრეტულად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისადმი პროტესტს. ლია ჯახველაძის თქმით, არგუმენტაცია, რითიც კომისიამ ქუჩისათვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილების მომზადებისას იხელმძღვანელა, მოქალაქეების ხელმოწერები იყო, რომელიც საკრებულოში შევიდა 3000-ზე მეტი, თუმცა ამ საკითხზე განსხვავებულ ინფორმაცია აწვდის ნეტგაზეთს ხათუნა სამნიძე, რომელმაც დღეს დოკუმენტები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ საუბარი არა 3000-ზე მეტ ხელმოწერაზე, არამედ 2214 განცხადებაზეა.

 

საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს მოქალაქე ინგა ჩახვაშვილი, რომელიც ხმელნიცკისა და უკვე ყოფილი ჩოლოყაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. ნეტგაზეთთან საუბარში იგი ამბობს, რომ ქუჩას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საკრებულომ გაბრიელ ბერის პროსპექტი უწოდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ჰქვია:

“ფართო საზოგადოებისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ისტორია ცნობილი 1988 წელს გახდა, მანამდე ეს ამბავი დამალული იყო და მხოლოდ ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა იცოდნენ. მაშინ ახალგაზრდებმა მივაღწიეთ და 5 დეკემბრის ქუჩას, რომელიც საბჭოთა თემატიკას უკავშირდებოდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი მივანიჭებინეთ. ეს იყო ისტორიული ფაქტი. კომუნისტებს საქართველოს ეროვნული გმირის სახელი მივანიჭეთ… მამა გაბრიელი ნათელში იყოს, დაგვლოცოს, მაგრამ მაგ ქუჩასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ქუჩა მთავრდება წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან, მამა გაბრიელი კი ცხოვრობდა ბარბარეს ეკლესიის შემდეგ, წულაძის და თეთრიწყაროს ქუჩების [კვეთაზე]”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ 1980-იანი წლების ბოლოს მოქალაქეებმა ქუჩისთვის ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების მიზნით არაერთი წერილი შეადგინეს და ხელმოწერაც შეგაროვეს.

ლია ჯახველაძე დღეს, 3 ნოემბერს ვერ აკონკრეტებს, ზუსტად რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩოლოყაშვილის და ხმელნიცკის ქუჩებზე და მოსახლეობის რამდენ პროცენტის აზრს გამოხატავს ის 3000-მდე ხელმოწერა, რომელიც საკრებულოში შევიდა. იგი ამბობს, რომ დარწმუნებულია, საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტი ხელმოწერაც შეგროვდებოდა. კითხვას, რატომ ფიქრობს ასე და ხომ არ იყო ჩართული საკრებულო ხელმოწერების შეგროვების ორგანიზების პროცესში, იგი პასუხობს, რომ არ ყოფილა.

მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირის მოთხოვნით დღეს ინტერნეტ–მომხმარებლებმა manifest.ge-ზე ონლაინ–პეტიცია შექმნეს. ნეტგაზეთის კითხვას, შესაძლებელია თუ არა რომ საკრებულომ ეს საკითხიც განიხილოს, ლია ჯახველაძე პასუხობს, რომ მსგავსი განცხადება მათთან ჯერ არ შესულა. განხილვით კი ყველა განცხადებას შეისწავლიან. კითხვას, თბილისში ნებისმიერ ქუჩას შეიძლება გადაერქვას სახელი, თუკი ამას მისი 3000 მცხოვრები მოითხოვს, პასუხობს, რომ არა:

 

“ნებისმიერს არ გადაერქმევა, რა თქმა უნდა. ის ჯერ კომისიაზე გადის, მერე ბიუროზე, მერე სხდომაზე. ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება არ ხდება”.

 

“ჩვენ არ გვგონია, რომ სადმე რაიმე გადაცდომა გვქონდა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა რომ მოყვებოდა ამას, ესეც ფაქტია. არ ვთვლით, რომ ქაქუცას სახელი დავაკნინეთ, პირიქით, გადავიტანეთ უფრო პრესტიჟულ ახალ ქუჩაზე, მაგრამ ნებისმიერი აზრის მოსმენა შეგვიძლია და დისკუსიაში შესვლაც”, – აცხადებს ჯახველაძე.

მოქალაქე ინგა ჩახვაშვილი კი აცხადებს, რომ ქუჩისთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის დაბრუნების მოთხოვნით, შესაძლოა, განცხადებების შეგროვება მანაც დაიწყოს. მისი თქმით, საკრებულოს შეეძლო ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელი არ გადაერქმია და გაბრიელ ბერის სახელი რაიონში მდებარე სხვა ქუჩისთვის ეწოდებინა.

 

ნეტგაზეთის ვებგვერდზე მიმდინარეობს ონლაინ გამოკითხვა, სადაც შეკითხვას: “ეთანხმებით თუ არა თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩისათვის გაბრიელ ბერის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით”, ამ დროისთვის (20:40) გამოკითხულთა 86 პროცენტი პასუხობს არას.

მასალების გადაბეჭდვის წესი