9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და კონტრაქცია გაიმართა. ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, სადაც დემონსტრაციები მიმდინარეობდა, ტრადიციულად მივიდა პოლიტიკოსების ნაწილი და ამ თარიღს გამოეხმაურა. მხოლოდ ნაწილმა გააკეთა კომენტარები „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაზე. ნეტგაზეთი გთავაზობთ პოლიტიკოსების განცხადებების შეჯამებას.
მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მთავრობის წევრებთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად მივიდა.
„საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. 100 ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ამ ომში და მინდა ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მსურს, კიდევ ერთხელ, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ომის ვეტერანებს, მათ ოჯახებს, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო“.
სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში იმ დროს მივიდა, როდესაც „უკვდავი პოლკის“ აქცია და კონტრაქცია მიმდინარეობდა. მას კონტრაქციის მონაწილეები დახვდნენ შეძახილებით, „მოღალატე“, „სალომე ხუილო“ და ა.შ…
ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარში ახსენა სსრკ-ისა და გერმანიის ომში ორივე მხარეს დაღუპული ქართველები:
„მინდა ყველა იმ ვეტერანს, ვინც დღეს ისევ ცოცხლები არიან, მივულოცო მათი იმდროინდელი გამარჯვება. სამწუხაროა, რომ ეს დღე, იმის მაგივრად, რომ იყოს ყველა იმ გმირის პატივისცემის დღე, რომლებიც ომებში დაიღუპნენ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ თავისუფლებისა და თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ… სადაც უნდა ყოფილიყვნენ, ყველანი — აქ, ომის დასასრულს, თუ ტყვეებად ჩავარდნილები გერმანელებთან, თუ ემიგრანტები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი გაგებით ასევე საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ — ყველანი დაიღუპნენ საქართველოსთვის და მე მინდა, რომ მათი ხსოვნა და პატივისცემა იყოს დღეს“.
თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ „უკვდავი პოლკის“ აქციის შინაარსის გაგება უჭირს; თქვა, რომ ვერავინ აკრძალავს „ასეთ მოსაზრებებსა და პოზიციებს“, თუმცა ამას „სწორი პოზიცია უნდა დავუპირისპიროთ“:
„რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა. მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანებს გატაცებას და წამებას, მკვლელობის ფაქტები გრძელდება და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის ჩვენი რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ეს გაუგებარია. ძალიან მიჭირს ამის გაგება“, — განაცხადა მან.
კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მინდა მოგილოცოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს, რომლებმაც II მსოფლიო ომის დროს თავიანთი გმირობისა და თავგანწირვის ფასად კაცობრიობა იხსნეს ფაშიზმისგან. 74 წელი გავიდა მას შემდეგ და სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ომის ვეტერანები გვაკლდება. მინდა, მათ ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და სიძლიერე ვუსურვო“.
ალეკო ელისაშვილი
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ვაკის პარკში „უკვდავი პოლკის“ კონტრაქციაზე მივიდა. ჟურნალისტებთან მანაც გაიხსენა ომში დაღუპულები, ახსენა ოკუპაცია და მთავრობის წევრები გააკრიტიკა. IPN-ის თანახმად, ელისაშვილმა განაცხადა:
„ჩვენ გვაქვს ორი გრძნობა ერთდროულად, ერთი არის გლოვის და ჩვენ ვგლოვობთ იმ 300 000 ადამიანს, რომელიც მსოფლიო ომში გაწყდა და ლამის ნახევარი საქართველო დაიხოცა. ასევე ვგლოვობთ ჩვენ საბჭოთა ოკუპაციას შეწირულ მოქალაქეებს და ვაპროტესტებთ იმას, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება. ჩვენთვის იყო გულისამრევი, როცა საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე წითელი დროშის ფრიალში ღია აგენტებთან ერთად იდგნენ აქ. უკვე დაგვემხო ეს ქვეყანა თავზე, ეს ხელისუფლება არ არის ხელისუფლება და ეს ქვეყანა არ არის ქვეყანა”.
შალვა შავგულიძე
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში, შალვა შავგულიძემ II მსოფლიო ომის შედეგებს უწოდა „ცივილიზებული მსოფლიოს გამარჯვება ბოროტებაზე“.
„ეს იყო ცივილიზებული, პროგრესული მსოფლიოს გამარჯვება ბოროტებაზე, ვინაიდან ფაშიზმი ბოროტებაა და საქართველომ თავის ღირსეული წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. ჩვენი ქვეყნის მრავალმა შვილმა თავი დადო ამ ომში და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, –განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც ბოროტება უწოდა ფაშიზმს და 9 მაისი ვეტერანებს მიულოცა: “ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში. დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე და პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს და პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას
ნინო ბურჯანაძე
ვეტერანებზე გაამახვილა ყურადღება პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემაც. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ყოფნისას მან განაცხადა:
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. ამ ადამიანებს ძალიან დიდი დაფასება სჭირდებათ და ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი გულისტკივილი შეხვდათ მათ შემდეგი თაობებისგან. არ იქნა ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ ეს ადამიანები ღირსეულად შეხვედროდნენ თავიანთ სიბერეს“.