ახალი ამბები

დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის მანდატი გაძლიერდა და კერძო პირებზეც გავრცელდება

8 მაისი, 2019 •
დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის მანდატი გაძლიერდა და კერძო პირებზეც გავრცელდება

სახალხო დამცველი მიესალმება 3 მაისს მიღებული კანონით დისკრიმინაციის საქმეებზე მისი მანდატის გაძლიერებას და ახალ ცვლილებებს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაში არის ნათქვამი, მანამდე არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფდა სახალხო დამცველს კერძო სექტორში დისკრიმინაციის საქმეების შესწავლისათვის აუცილებელი ბერკეტებით, რადგან კერძო პირებს არ ევალებოდათ სახალხო დამცველისთვის საქმის გამოსაკვლევად აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, მისი რეკომენდაციის განხილვა და შედეგების შეტყობინება.

2014 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში სახალხო დამცველმა კერძო პირების მიმართ სულ 24 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც 16 რეკომენდაციაზე პასუხი საერთოდ არ მიუღია. ახალი ცვლილებებით, კერძო პირებს ექნებათ სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში კი, მისი განხილვისა და შედეგების სახალხო დამცველისათვის შეტყობინების ვალდებულება. აღნიშნული მოვალეობების შეუსრულებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად იქნება მიჩნეული და სანქციის სახით ჯარიმას გაითვალისწინებს.

ამავდროულად, სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს სარჩელით კერძო პირების წინააღმდეგაც, თუ ისინი რეკომენდაციას არ გაიზიარებენ. მსგავსი შესაძლებლობა მანამდე მოქმედი კანონით მხოლოდ საჯარო სექტორის მიმართ არსებობდა.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 2015 წლიდან ითხოვდა. იმავე წელს ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც პარლამენტში მალევე შეჩერდა და რაიმე შედეგამდე არ მისულა. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტების ყველაზე პრინციპული დებულებები უკვე ასახულია პარლამენტის მიერ 3 მაისს მიღებულ კანონში.

სახალხო დამცველი ასევე მიესალმება სექსუალური შევიწროების საქმეებზე აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას. გოგონების, ქალებისა და მთლიანად საზოგადოების თითოეული წევრის უფლებების დაცვისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი კანონით საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა და ჯარიმების შემოღება.

“ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე ფართო სოციალური კამპანიის წარმოება და ინფორმაციის გავრცელება, რათა მას ქონდეს პრევენციის ეფექტი; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება სამართალდარღვევის თავიდან აცილება – ყველა სათანადოდ იყოს ინფორმირებული საკუთარი უფლებების
შესახებ და არცერთი მოძალადე არ დარჩეს დაუსჯელი. იმედია, ახალი კანონი და მისი აღსრულება საჯარო სივრცეებს უსაფრთხოს გახდის ქალების, გოგონებისა და ყველა სხვა პირისთვის (მაგალითად, მეტროში ქალების
45%-ს განუცდია სექსუალური შევიწროება – ქალთა საინფორმაციო ცენტრის 2014 წლის კვლევა). სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს იმ ქალების წვლილს ზემოაღნიშნული კანონის მიღებაში, რომლებმაც ხმა აიმაღლეს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ, გამოიყენეს მათ ხელთ არსებული მწირი სამართლებრივი
საშუალებები და შექმნეს სექსუალური შევიწროების პირველი სამართლებრივი საქმეები”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ახალ საკანონმდებლო შესაძლებლობებს ქვეყანაში თანასწორობის გარემოს დასამკვიდრებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი