ახალი ამბები

ალასანია: ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ

1 ნოემბერი, 2014 •
ალასანია: ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ

„მთავარი, ახლა რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ყველა და საზოგადოება, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, რადგან, ბუნებრივია, მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესებსაც და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება. ჩემთვის, რაზეც ახლა ვარ კონცენტრირებული, გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავი იგრძნონ დაცულად, სამართლებრივად და ამიტომ მე, რა თქმა უნდა, მთელ ყურადღებას გადავიტან იქითკენ, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად”.- განაცხადა ალასანიამ.


მისი თქმით, ამის  ელემენტები და წინაპირობები უკვე ჩანს, რადგან  პროცესი დახურულად წარიმართა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნას:


“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს, იმიტომ, რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე, იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს”.


ალასანიას განცხადებით,  დისკუსიები ამასთან დაკავშირებით უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე შედგება.


“მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან ვგეგმავ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც. ბუნებრივია, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება უკვე იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. გამოძიებას არავინ და არაფერი წინ არ უნდა აღუდგეს, სრული ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ”, – განაცხადა ალასანიამ.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი