ახალი ამბები

დღეიდან შეგიძლიათ უკანონო სარეკლამო SMS-ებზე რეაგირება პერსონალური მონაცემების ინსპექტორს მოსთხოვოთ

1 ნოემბერი, 2014 •
დღეიდან შეგიძლიათ უკანონო სარეკლამო SMS-ებზე რეაგირება პერსონალური მონაცემების ინსპექტორს მოსთხოვოთ

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან მოქალაქეებს საშუალება უნდა ჰქონოდათ, რომ კომპანიებისთვის გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოეთხოვათ მათი მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, ანუ არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეს იმავე ფორმით უნდა შეძლებოდა სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა, რა ფორმითაც პირდაპირი მარკეტინგი განხორციელდა. ანუ, თუ, მაგალითად, მოქალაქეს SMS-ის მეშვეობით მისდის სარეკლამო შეტყობინება, SMS-ის საშუალებითივე უნდა შეძლოს მათზე უარის თქმა – Reply-ს გამოყენებით. მეორე მხრივ, კანონშია ჩადებული ჩანაწერი: “ან/და [მონაცემთა დამმუშავებელმა] უნდა განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით” – ამ ჩანაწერის განმარტება ნეტგაზეთმა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს სთხოვა:


“ალბათ, ზოგ კომპანიას ამდენი სმს-ის მიღება არ შეუძლია და ამიტომ იმ სარეკლამო მესიჯის ქვემოთ უნდა დაწეროს ტელეფონის ნომერი და თქვას, რომ თუ არ გსურთ ჩვენგან კვლავ მიიღოთ სმს, ამ ნომერზე დარეკეთ, ან უნდა არსებობდეს პლატფორმა, სადაც შეხვალ და შენი ტელეფონის ნომერს ჩაწერ”, – აცხადებენ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატში.

 

2 სექტემბერს ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა თავის მკითხველს, რომელმა კომპანიებმა შეუქმნეს მათ გამარტივებული წესით სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის ტექნიკური პლატფორმა, თუმცა მკითხველებმა ვერც ერთი კომპანია ვერ დაასახელეს. 5 სექტემბერს ასეთი პლატფრომა თავის აბონენტებს კომპანია ბილაინმა შესთავაზა.

 

“თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე სათანადო რეაგირებას არ განახორციელებენ, 1 ნოემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებით მიმათონ ინსპექტორის აპარატს”, – ნათქვამია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის განცხადებაში. 


კანონის დარღვევის დადგენის შემთხვევაში სანქციის სახით ინსპექტორს ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი