ახალი ამბები

პრეზიდენტის ვერსიით, ე.წ. გასაღებზე წვდომა შსს-ს 1 დეკემბრამდე ექნება

31 ოქტომბერი, 2014 •
პრეზიდენტის ვერსიით, ე.წ. გასაღებზე წვდომა შსს-ს 1 დეკემბრამდე ექნება

“2014 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ‐ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს:


ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით;


ბ) ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ახორციელებდეს კავშირგაბმულობის არხში არსებული, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების კოპირებას. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით,“ – ნათქვამია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში, რომელიც პრეზიდენტმა მოამზადა მას შემდეგ, რაც ვეტო დაადო პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ კანონს, რომლითაც ეს ვადა შსს-ს 28 თებერვლამდე უხანგრძლივდებოდა.


ამას გარდა, პრეზიდენტის მიერ მომზადებული კანონპროექტით, პარლამენტს 2014 წლის 1 დეკემბრამდე ექნება ვადა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი