“ამა წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან იყო ჟურნალისტი რუსეთიდან (ციმბირიდან) ალექსანდრე იაროშენკო, რომელიც მოვიდა დასალოცად და არა ინტერვიუს ასაღებად. მოულოდნელად მან ხმის ჩამწერი მოიმარჯვა და მის უწმინდესობას კითხვით მიმართა. საუბარმა დაახლოებით სამ-ოთხ წუთს გასტანა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დანანებით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა მიუღებელია, რომ მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება იყოს, მით უმეტეს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასთან; ბრძანა ისიც, რომ ვიდრე აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაბრუნდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებში, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა ვერ აღდგება. მისი უწმინდესობის სახელით გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი კი, ჟურნალისტური ინტერპრეტაციის შედეგია. შედარებით რეალობას ბოლო აბზაცი წარმოადგენს ,,Одни православные . . . и благополучия.“- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალაში, რომელიც “როსისკაია გაზეტას” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი პატივს სცემს რუსეთს, ლოცულობს მისთვის და აუცილებელია ამ ორი ქვეყნის პოლიტიკოსებმა მოლაპარაკება შეძლონ:
“მიყვარს პეტერბურგი, მსურს, რომ ქართული და რუსული დრო არა მხოლოდ დროში ემთხვეოდეს. რას ნიშნავს დღეს ჩემთვის რუსეთი? იმას, რასაც ყოველთვის ნიშნავდა. რუსეთი ეს არის ქვეყანა, რომელიც თავის ჭეშმარიტ გზას ეძებს. სწორედ იქ მივიღე სასულიერო განათლება, დავამთავრე რუსეთის სასულიერო სემინარია და აკადემია. იქ ჩამოყალიბდა ჩემი მსოფლმხედველობა და სულიერი მდგომარეობა. დიდ პატივს ვცემ რუსეთს და მისთვის ვლოცულობ. ყველაფრის საფუძველი რწმენაა, რუსეთსა და საქართველოს ერთი სარწმუნოება აქვთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ეს ძალიან მანაღვლებს, ჩვენი ქვეყნებისთვის უბრალოდ აუცილებელია დიალოგს დაუბრუნდნენ. საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. პოლიტიკოსები ცდილობენ ერები ერთმანეთს მოწყვიტონ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს მათ არ გამოსდით. მჯერა, რომ ეს ერები იპოვიან ძალას და სიბრძნეს, რომ შეჩერდნენ. შეხედავენ ერთმანეთს. არ შეიძლება კიდევ დავშორდეთ ერთმანეთს, საჭიროა ვაპატიოთ ერთმანეთს, გავაკეთოთ დასკვნები და დავიწყოთ დიალოგი. ერთი მართლმადიდებელი ერი არ უნდა ბომბავდეს მეორეს. ჩვენი პოლიტიკოსებისთვის უბრალოდ აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, სხვაგვარად წარმოუდგენელია. გადაეცით რუსეთს ჩემი ყველაზე კეთილი სურვილები და კეთილდღეობა”.- წერია გამოქვეყნებულ მასალაში.
ჟურნალისტი საპატრარქოში მსახიობ გივი სიხარულიძის დახმარებით მოხვდა, სწორედ მას სთხოვა ჟურნალისტმა ილია მეორესთან შეხვედრაში დახმარებოდა:
“პატრიარქმა უთხრა, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩვენ სახელმწიფოებს შორის აღდგეს ნორმალური ურთიერთობა, თუ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლოო. დანარჩენი იმ კაცმა ცუდი კი არ დაწერა, მაგრამ ჟურნალისტური ინტერპრეტაციაა. რეალურად პატრიარქს ესენი არ უთქვამს”,- ამბობს გივი სიხარულიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას და დასძენს, რომ ისინი საპატრიარქოში მხოლოდ დასალოცად მიიყვანა. საბოლოო ჯამში კი, ჟურნალისტსა და პატრიარქს შორის სამწუთიანი ინტერვიუ შედგა.





