ახალი ამბები

უსუფაშვილი მოსმენებზე: პრემიერის განცხადება კონსენსუსის მოძებნის საუკეთესო ნიმუში არ იყო

30 ოქტომბერი, 2014 •
უსუფაშვილი მოსმენებზე: პრემიერის განცხადება კონსენსუსის მოძებნის საუკეთესო ნიმუში არ იყო

თუმცა უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მას პრემიერისაც ესმის, რადგან ბოლო დღეებში არაერთი კატეგორიული განცხადებები გაკეთდა ამ საკითხის გადავადების საწინააღმდეგოდ:

 

“მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება საუკეთესო ნიმუში იყო იმისკენ, რომ მოვძებნოთ კონსენსუსი, მაგრამ მისიც მესმის იმიტომ, რომ ამ დღეებში არაერთი კატერგოიული მოსაზრება გაისმა, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. მაგრამ პოლიტიკოსებს, მთავრობის წევრებს მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაკისრია. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას შეუშლის ხელს”, – განაცხადა მან და ამ საკითხზე  დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს კატეგორიული პოზიციების დაფიქსირებისაგან თავშეკავებისაკენ ურჩია.

 

თვითონ უსუფაშვილმა საკითხის რეგულირების გადავადებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავ უწყებებს ფარული მოსმენების საწარმოებლად ოპერატორების საკომუნიკაციო არხებზე პირდაპირი წვდომის უფლება კიდევ რამდენიმე თვით უნარჩუნდებათ, მხარი დაუჭირა და თავისი პოზიცია ორი არგუმენტით ახსნა:

“სრულიად დავიბენი. რა კანონპროექტს ვიხილავთ ჩვენ?  მოსახლეობა, ვინც ჩვენ გვიყურებს, ალბათ თვლის, რომ ახლა კენჭს ვუყრით იმას, ვინ ვის მოუსიმინოს, ან არ მოუსმინოს, ორი გასაღებიდან ერთი ვის ჯიბეში იქნება და ასე შემდეგ. აღარაფერს ვამბობ იმ მობმულ თემებზე, რომლითაც ოპოზიცია, რა თქმა უნდა, სარგებლობს და მომიჯნავე ან არცთუ მომიჯნავე თემატიკა შემოაქვს. თუმცა ის განცდაც მიჩნდება, რომ ახია ჩვენზე… საერთოდ ამ საკითხზე, რაც შეეხება პოლიციის საქმიანობას და მოსმენა – ფარულ მიყურადებას და ასე შემდეგ… ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის შემდეგ ამ ადამაინებს [საპარლამენტო უმცირესობის წევრებს] კიდევ რამეზე რომ ვალაპარაკებთ, ახია ჩვენზე. მე რომ მკითხოთ, 2014 წლის 1 ნოემბრამდე კი არა 2013 წლის 1 მაისამდე თუ 1 სექტემბრამდე უნდა დაგვესრულებინა ამ ტიპის საკითხები. ახლა ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ როგორ და რანაირად წავიყვაოთ ქვეყანა უფრო სწრაფად ევროპისკენ და არა იმაზე, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ პატივცემული ბატონებისა და ქალბატონების მიერ შექმნილი სისტემიდან. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ჩვენ ტემპი არ გამოგვიგვიდა ისეთი, როგორიც გვინდოდა. მოდით, ეს ვაღიაროთ და ამის თაობაზე მოსახლეობას ვუთხრათ, რომ დიახ, უფრო სწრაფად უნდა მოგვეგვარებინა ეს საკითხები და პრობლემები. დღეს, ანუ [ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან] ორი წლის შემდეგ კოლეგები გვეუბნებიან, რომ იმდენად მახინჯი სისტემა გვქონდა შექმნილი, რომ თუ ამას 1 ნოემბრიდან 1 აპრილამდე გადაწევთ და იგივე დარჩება, ქვეყანა დაიქცევაო. არადა, ჩვენ ვიცით, რომ მათ მიერ შექმნილი სისტემა მართლაც გაცილებით უფრო სწრაფად იყო შესაცვლელი.

ეს რაც შეეხება თვითკრიტიკას, თუმცა სრულად ვიზიარებ დავით საგანელიძის პათოსს, რომელიც მან სწორედ ამ კანონზე საუბრისას გამოიყენა, რომ ჩვენ სწორედ არასამთავრობოებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან, შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად ამ კანონში ძალიან სერიოზული ცვლილებები მივიღეთ. ფინიშზე დარჩა 2-3 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამ საკითხის მოგვარების ვადებზე გვაქვს ჩვენ მსჯელობა. მე ვისურვებდი, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ოპოზიციასაც შემოეტანა თავისი წვლილი და გარდა ზოგადი პათეტიკური საუბრისა, მოეტანათ და დაედოთ კონკრეტული კანონპროექტი.

 

ძალიან გთხოვთ, ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა. როცა გადავადება გვიწევს, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმის აღიარება, რომ ვთქვათ, დ,იახ ეს ჩვენი ბრალია – გადავადება, და არა ის, რომ რაიმე ცუდის გაკეთება გვიწევს.

 

ჩემი ღრმა რწმენით, თუ ჩვენ ამ 1 ნოემბერს არ გავახანგრძლივებთ, მაშინ იურიდიულად დაგვრჩება ორი რეალობა: პარლამენტს არ ექნება მიღებული ახალი რეგულაციები, ახალი წესები, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საქმიანობა, და მეორე, საგამოძიებო ორგანოებს 1 ნოემბრიდან აღარ ექნებათ კანონიერი საფუძველი განახორციელონ ეს მოქმედებები. ამ დიალოგის წინაშე ვართ ჩვენ. ეს არის მძიმე გადაწყვეტილება. მე ძალიან კარგად მესმის ჩემი კოლეგების ფრაქციიდანაც, უმრავლესობიდანაც, რომლებმაც შესაძლოა მხარი არ დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის მათიც ჩემი ჩათვლით, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ორი რამ უნდა გავაკეთოთ: სისტემა ძალიან რთული პრობლემების წინაშე არ დავაყენოთ და მეორე, ამ საკითხის სწორად და რაც შეიძლება კარგად მოგვარების შესაძლებლობა უნდა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა და პრეზიდენტს სთხოვა, რომ კანონპროექტზე ხელმოწერა 24 საათის განმავლობაში განახორციელოს:

“მე მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს და გამოვთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საქმიანობის ამ შეფერხების გამო ჩვენ მას პრაქტიკულად 24 საათს ვაძლევთ იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონპროექტის ხელმოწერის თაობაზე. ეს არ არის ნორმალური პრაქტიკა, ვწუხვარ ამისთვის და საქართველოს პრეზიდენტს მივმართავ დაპირებით, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს. ყველა სახელმწიფო სტრუქტურას უნდა ჰქონდეს სათანადო ვადა, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მისაღებია”, – განაცხადა მან.

 

პარლამენტში დეპუტატ შალვა შავგულიძის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, 2015 წლის აპრილამდე საგამოძიებო ორგანოებს კვლავ ექნებათ პირდაპირი წვდომა სატელეფონო მოსმენების მოწყობილობებზე იმგვარად, რომ ვერავინ გააკონტროლოს, ასევე შეუნარჩუნდებათ პირდაპირი წვდომა მეილსერვერებთან. უსუფაშვილმა დეპუტატებს სთხოვა, რომ ეს საკითხი არა 1 აპრილამდე, არამედ 2015 წლის თებერვლის ბოლომდე გადაიდოს, რაც პარლამენტარებმა გაიზიარეს. დეპუტატების უმრავლესობამ შალვა შავგულიძის ინიციატივას, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც იზიარებს, მხარი დაუჭირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი