ეკონიმიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მზადაა, საქართველოს პარლამენტს თავისი მუშაობის ანგარიში წარუდგინოს. ამის შესახებ მან გადაცემაში ‘Forbes კვირა” განაცხადა.
წამყვანმა ქობულიას იმ “მოარული ხმების” შესახებ ჰკითხა, რომელთა თანახმადაც მისი გათავისუფლების მიზეზი სამინისტროს არასათანადო მართვა იყო.
“ამასთან დაკავშირებით მიჭირს, რაიმე კომენტარი გავაკეთო, იმიტომ, რომ ჩემთვის პრაქტიკულად ძალიან ძნელი გასაგები იყო, რა იგულისხმებოდა სამინისტროს მართვაში. სამწუხაროდ, რა იგულისხმებოდა სამინისტროს მართვაში, ვერც ვერავინ ამიხსნა”, – აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.
გიორგი ქობულიას თქმით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო “ერთ–ერთ საუკეთესო ფორმაშია” ბოლო წლებთან შედარებით და მზად არის, საქმიანობის ანგარიში პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წარუდგინოს.
“მე ვთვლი, რომ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ჩვენ შევძელით, რომ ეკონომიკის სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობები, კადრების ორგანიზაციული სტრუქტურა, კადრების მოტივაცია, საკმაოდ გაგვეზარდა.
მე მგონია, რომ დღესდღეობით ეკონომიკის სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით არის ერთ–ერთ საუკეთესო ფორმაში ბოლო წლებთან შედარებით. ისევ და ისევ, თუ ლაპარაკი ეხება სამინისტროს მუშაობის შედეგიანობას, მე მზად ვარ, წარვადგინო ანგარიში, თუ რა იყო გაკეთებული, რა შედეგებს მივაღწიეთ, რა იყო პროცესში…
მზად ვიქნებოდი, წარმედგინა ეს ანგარიში პარლამენტის ეკონომიკური [პოლიტიკის] კომიტეტისთვისაც, თუ ამის სურვილი იქნებოდა, რა თქმა უნდა”, – აღნიშნა მან.
ქობულია “რუსთავი2″–სთვის მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა და ბოლომდე ცდილობდა, მმართველი გუნდი თავისი ხედვების სისწორეში დაერწმუნებინა, თუმცა, უშედეგოდ.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრი მიმდინარე წლის 18 აპრილიდან აღარ არის. მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა. ქობულიას ადგილი ნათია თურნავამ დაიკავა.