კომენტარი

NATO და “ქართული ოცნების” მზერა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

11 აპრილი, 2016 • 2700
NATO და  “ქართული ოცნების” მზერა – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანშეწონილობის საკითხზე შეიძლება კითხვა გაუჩნდეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურს, რომელიც  ამბობს, რომ თუ ნატო საქართველოს ინტერესებს შეეწინააღმდეგება, იგი ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. მეჭიაური ახსენებს ნეიტრალიტეტსაც. აქვს თუ არა საბაბი ნატოში გაწევრიანების საკითხის მეჭიაურისეული ფოკუსით დაყენებას და რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი იმ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს რუსეთთან კონფლიქტის კონტექსტში? – ნეტგაზეთის შეკითხვებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია პასუხობს:

დეპუტატი ამბობს, რომ თუ ნატოს წევრობა დაემუქრება საქართველოს ინტერესებს, ის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. რამდენად სწორია საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში საკითხის ასე დაყენება და იმის დაშვება, რომ ნატომ შეიძლება ქვეყნის ინტერესები დააზარალოს?

საკითხი სრულიად არასწორად არის დაყენებული. ამ დაშვების ავტორი აცდენილია საქართველოს რეალობას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დგას, სწორი შეხედულება არ აქვს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი წამყვანი სახისგან საკითხის ამგვარად დაყენება შეიძლება საფრთხესაც შეიცავდეს ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ახალ სახეებს აანონსებს, თუ განახლება რეალურად არ მოხდება და მათ ახალ გუნდში ისევ ძველ სახეებს, მათ შორის ასეთი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსებს ვიხილავთ, [ეს განცხადება] შეიძლება საფრთხედაც აღვიქვათ, რადგან შესაძლოა ასეთი განცხადებებით ადგილი ჰქონდეს ნიადაგის მოსინჯვას. აქ ვგულისხმობ იმას, რომ თუ ასეთი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული გუნდი უმრავლესობას მოიპოვებს, შესაძლოა გაჩნდეს საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვის რისკი, მაშინ, როცა დღევანდელ საგარეო ვექტორზე საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად კონსენსუსი უკვე მიღწეულია და ტაბუდადებული თემაა. დღეს ამ ტიპის მესიჯებს ახმოვანებს მეჭიაური, გუშინ ამბობდა თოფაძე, ზეგ შეიძლება სხვა ადამიანი გამოჩნდეს. ეს ნაწილობრივ შეიძლება აღვიქვათ ნიადაგის მოსინჯვად იმის გასაგებად, თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, რათა თანდათანობით  შეაჩვიონ საზოგადოება იმ აზრს, რომ აი, თუ რუსეთიდან დათმობები იქნება, ხომ არ ჯობია, რამე შეიცვალოს. ეს განსაკუთრებით სახიფათოა იმ მესიჯის გამოყენებით, რომლის მიხედვითაც “ისედაც არ ვჭირდებით არავის არც ნატოში და არც ევროკავშირშიო, ამიტომ ხომ არ ჯობია, რუსეთთან ვეძებოთ ბედიო”. დაახლოებით ამას გავს ეს განცხადება.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ მეჭიაური არ არის ერთ-ერთი რიგითი დეპუტატი, ეს ადამიანი ბოლო ხანებში “ქართული ოცნების” ყველაზე მნიშვნელოვან მესიჯებს ახმოვანებს წინასაარჩევნო პლატფორმიდან. ესეც დამაფიქრებელია.

თქვენც აღნიშნეთ, რომ თამაზ მეჭიაურამდე იყო სხვა დეპუტატების განცხადებებიც, მათ შორის სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა, რომ თუ ნატოში შესვლის სანაცვლოდ სოხუმსა და ცხინვალზე მომიწევს უარის თქმა, ასეთი ნატო არ მინდაო. საიდან ჩნდება ასეთი დათქმები და ნარატივები, როცა არც ერთ ოფიციალურ გამოსვლასა თუ დოკუმენტში არ ფიქსირდება, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ვინმე ამას ითხოვს?

ამ ნარატივის ჩამოყალიბება და საკითხის ასე დაყენება ხელს აძლევს რუსეთს. კრემლის პროპაგანდის უმთავრესი მიზანი საზოგადოებაში აზრის გახლეჩვაა. კრემლს სურს, რომ საქართველოში ამ ტიპის დებატები წარიმართთოს, რომ თითქოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შორის ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ. ამ მესიჯის გამხმოვანაბელი სწორედაც რომ მაგ ნარატივის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ჰიპოტეტურად წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ რუსეთი თავს დაგვანებებს. რუსეთისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომელიც ინტეგრირებულია დასავლეთთან. ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან წამგებიანია, თუმცა მესმის, რომ მოსახლეობის ნაწილში არსებობს ფრუსტრაციის გარკვეული დონე და ზოგიერთი არაა დარწმუნებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა იგივე ნატოსგან ინერტულობა შეინიშნება წევრობის თემაზე. თუმცა საკითხის ასე დაყენებას საფუძველი არ აქვს. იგივე პრობლემები აქვთ უკრაინას და მოლდოვას.

მაგალითად, აზერბაიჯანი არ ცდილობს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან ინტეგრაციას, თუმცა კი ახერხებს  ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტას?

მეტსაც გეტყვით: მოლდოვას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, რაზეც საქართველოშიც აპელირებენ ხოლმე. სახელმწიფო ნეიტრალურია, მაგრამ შედეგი რა აქვს? ეს უბრალოდ ზღაპარი და მიამიტური შეხედულებაა საგარეო პოლიტიკაზე იმის შესახებ, რომ თუ საქართველო ნეიტრალური გახდება, მისი პრობლემები მოგვარდება. პრობლემა ის კი არაა, საქართველო რას გადაწყვეტს, არამედ ის, რაც რუსეთს სურს. ისტორიული მაგალითი გვაქვს წინ: საქართველოს პირველი რესპუბლიკა ნეიტრალური იყო. რუსეთთან ხელშეკრულებაც კი დაიდო მაშინ. ეს ისტორია არ უნდა დაგვავიწყდეს. ვხედავთ მოლდოვის მაგალითს, რომელსაც ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, მაგრამ მაინც უკმაყოფილოა რუსეთი. აზერბაიჯანის მაგალითი. უკრაინის მაგალითი ავიღოთ: ყირიმში ფლოტიც ყავდა რუსეთს, ჯარიც და ყველა მოთხოვნას უსრულებდნენ, მაგრამ შედეგი?

ნეიტრალიტეტი იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, რას ნიშნავს? აქვს ქვეყანას საკმარისი პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსები, რომ დამოუკიდებლად დაიცვას თავისი ინტერესები ასეთ რთულ რეგიონში რუსეთისგან?

სწორედ ესაა პრობლემა. დღევანდელ სიტუაციაში ნეიტრალიტეტი ფუფუნებაა. ჩვენ რომ გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი, ეს არაფერს ნიშნავს.  მთავარია, სხვები თუ მიიღებენ ამას. შვეიცარიის მაგალითი ავიღოთ, რომელსაც საუკუნეები დასჭირდა. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ვერ ეგუება პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებელ არჩევანს. ის ევრაზიული კავშირის შემადგებლობაში მოიზარებს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას გარდა ბალტიისპირეთისა.

ნეიტრალიტეტი უსაფრთხოების არავითარ გარანტიას არ იძლევა. პატარა სახელმწიფო, რომელსაც უსაფრთხოების პრობლემა აქვს (როგორც საქართველოს), ვერასოდეს დააბალანსებს საკუთარი ძალით, მაგალითად, რუსეთს. პატარა სახელმწიფოს ყოველთვის დასჭირდება ძალის სესხება. ის ალიანსებში უნდა შევიდეს იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას. სწორედ ამიტომ დაიწყო ალიანსების ჩამოყალიბება მე-18 საუკუნედან და დღემდე გრძელდება. კი, ბატონო, ვთქვათ, არ გვინდა ნატო, სხვა ალტერნივა ვინ არის? რომელი სახელწმიფოა?

ანუ ნეიტრალიტეტი რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯს გავს?

ზუსტად ამას ნიშნავს. ნეიტრალიტეტს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია იმავე მოლოდვაში. აზერბაიჯანი მიუმხრობელი ქვეყანაა, მაინც არაა კმაყოფილი რუსეთი. პირიქით, ნეიტრალიტეტის პირობებში შეიძლება უფრო მეტი მოთხოვნები და ამბიციები გაუჩნდეს. დღეს ნეიტრალიტეტის მოთხოვნა წინ გადადგმულია ნაბიჯია იმისაკენ, რომ შემდგომში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორინეტაციის შეცვლა მოითხოვო. კურსის პირდაპირ შეცვლა რომ ძალიან რთული იქნება, ამას მშვენივრად ხვდებიან და ამიტომაცაა, რომ ნეიტრალიტეტის წინადადება შემოაპარეს. ამას არა მხოლოდ ქართული ოცნების სახეები აკეთებენ, არამედ სხვა პარტიებიც, რომლებიც სწორედ ამ საკითხზე აპელირებენ. იგივე “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ საქართველო დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოს. გავაკეთეთ ასე, მაგრამ შედეგი რა გვაქვს? შენ თუ შენს თავს დიდ სახელმწიფოებს არ შეახსენებ და შენი პრობლემის საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, მაშინ სტატუს-კვო შენარჩუნდება. თუ გვაწყობს ეს სტატუს-კვო, მაშინ კი, ბატონო, სხვა სიტუაციაა.

ნატოზე განცხადებებს რომ დავუბრუნდეთ. “ქართული ოცნების” ისტებლიშმენტში ჩამოყალიბდა დაახლოებით ამ ტიპის პრაქტიკა: როცა რომელიმე წარმომადგენელი თავის განცხადებაში მათ მიერ დეკლარირებულ კურსს შეეწინააღმდეგება, ისინი ამბობენ, რომ ეს ცალკეული დეპუტატის პირადი აზრიაო. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისი რეაქციაა, თუ უფრო მეტია საჭირო?

“ქართული ოცნების” ის ნაწილი, რომელსაც უხერხულობაში აგდებს ეს განცხადებები, მგონი, რომ თავს იტყუებს. გახსოვთ ალბათ ჟირნოვსკის ეფექტი რუსეთში. ის ახმოვანებდა კრემლის აზრებს და შემდეგ ამოწმებდნენ საზოგადოების განწყობებს. დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს დღეს ამ ტიპის განცხადებებს. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ მეჭიაური მხოლოდ პირად მოსაზრებებს ავრცელებდეს. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი განცხადებები თანხვედრაშია ლიდერების პოზიციასთან. გვახსოვს, რომ ერთ-ერთი პირველი იყო მეჭიაური, რომელიც ამბობდა, რომ კოალიციის წევრებს დამოუკიდებლად უნდა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. რეალურად პროცესები ზუსტად ასე განვითარდა. ძალიან გავს მისი განცხადებები საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვის მცდელობას.

თუმცა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ ნეგატიურ განცხადებებს ღიად ემიჯნებიან ხოლმე, ოღონდ მხოლოდ ემიჯნებიან…

ეს ყველაფერი მეხამრიდის როლს ასრულებს. თუ იქნება კონკრეტული განცხადების გამო კონკრეტული დეპუტატის კრიტიკა, “ქართული ოცნების” ლიდერები პირდაპირი დარტყმის ქვეშ არ არიან. თუმცა ისინი ელოდებიან საზოგადოების რეაქციას და განწყობებს.

იმ ფონზე, როცა ღიად დეკლარირებული პროდასავლური პოლიტიკური პარტიები: რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები წინა არჩევნებისაგან განსხვავებით ახლა “ოცნების” ბლოკში აღარ არიან და “ქართული ოცნების” პარტიას არჩევნებზე გასვლა დამოუკიდებლად მოუწევს, ეს ხომ არ ზრდის მის პასუხისმგებლობას ამომრჩევლების საკუთარ პროდასავლურობაში დარწმუნების თვალსაზრისით, რომ ამ ტიპის განცხადებებზე უფრო მკაცრი რეაქცია ჰქონდეს?

რა თქმა უნდა, იზრდება. ჩნდება რისკებიც. ჩვენ არ ვიცით, როგორი საარჩევნო სია იქნება. მათი პარტიის წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ შიგნით გარკვეული რეტროგრადული ძალები არსებობენო. ეს ძალები თუ არ დააბალანსეს და პროგრესული ჯგუფების მობილიზება ვერ მოახერხეს, საფრთხე განსაკუთრებით გაიზრდება. იმ სახეებით, რომლებიც ახლა არიან გააქტიურებული “ქართულ ოცნებაში”, მათ ძალიან გაუჭირდებათ საპარლამენტო ციკლის დასრულებაც კი. “ქართული ოცნების” ლიდერები ამას ალბათ მიხვდებიან და სიას გააზავებენ სწორი შეხედულებების მქონე პოლიტიკოსებით.

თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რომ ნატოში გაწევრიანების მიზანშეწონილობის საკითხის დაყენება აძლიერებს პრორუსულ ნარატივს, თუმცა რა პრობლემებს ქმნიან ასეთი განცხადებები ქვეყნის გარეთ თუნდაც იმ კონკრეტული უწყებებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობენ. ეს განცხადებები ხომ მათ წინ ხვდებათ?

ამ ტიპის განცხადებები ქვეყნის გარეთ მუსიკასავით ჩაესმით კრიტიკულად განწყობილი ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც ისედაც არ უნდათ საქართველოს მხარდაჭერა ნატოსთან დაკავშირებით. მათ აძლევ დამატებით არგუმენტს, რომ აი, საქართველოში არ არის კონსენსუსი ამ საკითხზე და ქვეყნის ხელისუფლებაშიც კი ყველა არ უჭერს მხარსო.

ქვეყნის შიგნით, ცხადია, ახალისებს პრორუსულ ძალებს.

გარდა ამისა, ეს ყველაფერი ასეც შეიძლება წავიკითხოთ, რომ თუ პარლამენტში წარმოდგენილები იქნებიან პრორუსული ძალები, კოალიციას არა რეპსუბლიკელებთან, არამედ მათთან შექმნიან. გარკვეულწილად ეს განცხადებები ამ ნიადაგის მოსინჯვის მცდელობასაც გავს. “ქართულ ოცნებას” ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლის შემდეგ ალბათ ვიღაცასთან კოალიციის შექმნა მოუწევს. ამ განცხადებებით ჩანს, საითაა მიპყრობილი მზერა. ეს არ მგონია, რომ კარგი შედეგის მომტანი იყოს არც “ქართული ოცნებისთვის” და არც საზოგადოებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი