“არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე და საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ვიდეოკამერების დემონტაჟი მანდატურის სამსახურში ჯერ კიდევ 2014 წლი ივნისის თვეში განხორციელდა,”- წერია მანდატურის სამსახურის განცხადებაში.
გუშინ, 29 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა შეისწავლოს, რამდენად მართლზომიერი და მიზანშეწონილია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლის კონსულტირებისას პერსონალური მონაცემების დამუშავება, რაც პროცესის აუდიო–ვიდეოგადაღებას, შენახვას და შემდგომ გამოყენებას გულისხმობს.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც 6-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს ფსიქოთერაპიულ მომსახურებას უწევს, თერაპიული შეხვედრების ვიდეოფირზე გადაღების დაწყებას გეგმავდა. ამ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილში ნეგატიური შეფასება გამოიწვია. მათ შორის, რისკები ფსიქოლოგებმაც დაინახეს.