ახალი ამბები

სამინისტრო: კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მცხოვრებ სტუდენტთა სწავლა დაფინანსდება

30 ოქტომბერი, 2014 •
სამინისტრო: კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მცხოვრებ სტუდენტთა სწავლა დაფინანსდება

გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიამ მიიღო.


ამ მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისგან შესაბამისი განაცხადების მიღება უახლოეს დღეებში დაიწყება და მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დასრულდება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, როგორც ოფიციალურ განცხადებაში წერია, სწავლის საფასური სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება. 


სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე, კომისიამ კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარეის სტრატეგიის პროექტი განიხილა.

 

აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ამ სოფლებში ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ბიზნესის წარმოების ხელშეწყობას. დოკუმენტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

 

ამავე სხდომაზე კომისიის წევრებმა ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის შესახებაც იმსჯელეს.

 

“კომისია ყველა საჭირო ზომას მიიღებს იმისთვის, რომ მოსახლეობას ამ კუთხით პრობლემები არ შეექმნას. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირების პროცესი, რომლის დასრულებაც წლის ბოლომდე იგეგმება. აღსანიშნავია, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად  2014 წელს მოეწყო ჭაბურღილები (სულ 9 სოფელი). ასევე, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების უმეტეს სოფლებში გაიმართა საირიგაციო სისტემა, მოწესრიგდა ტირიფონა-სალთვისის არხი, რომელიც სარწყავი წყლით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ამარაგებს. აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 19 ახალი ამბულატორია, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სრულდება კლინიკის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და პაციენტებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოდან მოემსახურება.   გარდა ამისა, 2013-14 წლებში სრულად დაფინანსდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 471 სტუდენტი, 600-ზე მეტი მოსწავლე კი უფასო სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობს.  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ 2015 წლის გეგმებზეც იმსჯელა.  გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სარწყავი არხების მოსაწესრიგებლად მომავალ წელს 5 900 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, შემუშავდება სხვადასხვა სახის პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას,”- წერია სამინისტროს განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი