ახალი ამბები

საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი დაასრულა

29 ოქტომბერი, 2014 • • 975
საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი დაასრულა

ევროკომისიის განცხადებით, იწყება გეგმის მეორე ფაზა, როდესაც ევროკავშირი შესაბამისი კრიტერიუმების იმპლემენტაციის ხარისხს შეამოწმებს. 

 

“მოხარული ვარ შედეგებით და მსურს საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო. მათ მნიშვნელოვანი ერთგულება აჩვენეს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ პროცესში, რომელიც საქართველოს უფრო მიაახლოვებს თავის მიზანთან – უვიზო რეჟიმთან”, – განაცხადა საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალსტრიომმა.


ამ ფაქტს ფეისბუკის მეშვეობით გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი:


“უმნიშვნელოვანესი და ძალიან სასიხარულო ცნობა ევროკომისიიდან: ვიზის ლიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა და ოფიციალურად გადავდივართ მეორე, დასკვნით ფაზაზე! ერთი ნაბიჯი ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის დასრულებამდე! წინ, ევროპისკენ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად”, – წერს იგი.


ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაშიც საქართველო შენგენის ზონის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას მიაღწევს, სესილია მალსტრიომმა თბილისში 2013 წელს ჩამოიტანა. გეგმა საქართველოს კანონმდებლობის დახვეწას და აღსრულების მექანიზმების გაძიერებას ავალდებულებს, მათ შორის დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით, პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებითა და ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი