ახალი ამბები

თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმე საიდუმლო საქმის წარმოების წესით განიხილება სასამართლოში

29 ოქტომბერი, 2014 •
თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმე საიდუმლო საქმის წარმოების წესით განიხილება სასამართლოში

2013 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების დროს 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გუშინ, 28 ოქტომბერს დააკავა. 

 

პროკურატურაში გუშინ განაცხადეს, რომ ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები – გიზო ღლონტი,  გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია. თუმცა, ადვოკატების ცნობით, მათთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და, მათივე ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

 

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ჯერ სასამართლოსთვის არ მიუმართავს, თუმცა, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, იგი “საიდუმლო საქმის წარმოების წესით” განიხილება, რადგან საქმე საიდუმლო გრიფი ადევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის თარიღი, მოსამართლის ვინაობა უცნობი დარჩება. შესაბამისად, პროცესი დახურული იქნება მედიისა და საზოგადოებისთვის და ცნობილი გახდება მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილება, ანუ აღკვეთის რა ზომა იქნება გამოყენებული დაკავებული მაღალჩინოსნების მიმართ.

 

თავდაცვის სამინისტროში მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს ჯერ არ გამოხმაურებია პირადად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც ევროპაშია ოფიციალური ვიზიტით, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს დაკავება უკავშირდება პოლიტიკური პროცესებს, რომელიც მიმართულია პირადად ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ.

 

გადადგება თუ არა ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, როგორც ეს დავით კირვალიძის შემთხვევაში მოხდა, როდესაც ის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა მის უწყებაში პროკურატურის მიერ რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების გამო? – ამ კითხვაზე დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:

 

“ძალიან ჩქარობთ, მე მგონი, ძალიან ჩქარობთ. ეს შემთხვევა, ზოგადად, პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, საწყენია. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ ყველანი გამოძიებას და პროკურატურამ უნდა გამოძიოს, პროკურატურას უნდა მიეცეს საშუალება გამოძიოს ეს საქმე და არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი”.

 

პროკურატურის ბრალდებებს გუშინვე თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, ამ კონკრეტულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი ადევს და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

 

კომპანია სილქნეტმაც გუშინდელ განცხადებაში დაადასტურა, რომ მათ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის განხორციელების თაობაზე, თუმცა, მათი განცხადებით, ტენდერის ყველა ეტაპზე სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.

 

პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სწორედ სილქნეტის სასარგებლო გაფლანგეს 4 მილიონზე მეტი ლარი. 

 

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე, რომელიც სასამართლომ საიდუმლო საქმის წარმოეის წესით განიხილა, იყო “ჯიჰადის ვიდეოების საქმე”. გასული წლის 25 სექტემბერს ამ საქმეში ბრალდებულ სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. ჩოკუტაევი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი