ნეტგაზეთი | გახარია კომიტეტში მისვლაზე: აზრს ვერ ვხედავ, სანქცია თუ გაქვთ, დამაკისრეთ გახარია კომიტეტში მისვლაზე: აზრს ვერ ვხედავ, სანქცია თუ გაქვთ, დამაკისრეთ – Netgazeti

გახარია კომიტეტში მისვლაზე: აზრს ვერ ვხედავ, სანქცია თუ გაქვთ, დამაკისრეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ “ევროპული საქართველოს” მოწვევით საკომიტეტო მოსმენაზე მისვლის აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის ფორმატში” გამოსვლისას განაცხადა.

ამ ფორმატის მიღმა ევროპული საქართველო შსს მინისტრს საკომიტეტი მოსმენაზეც იბარებს.

“მეხუთედ ვდგევარ აქ. აქაც იგივე ფორმატია, აქაც ზუსტად იგივე კითხვების დასმის უფლება გაქვთ. არ გაკმაყოფილებთ? ბოდიშით.  ქალბატონო ხათუნა (გოგორიშვილი), არ მინდოდა ამაზე აქცენტების გაკეთება. უბრალოდ, აზრს ვერ ვხედავ. რაიმე სანქცია თუ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. სხვათა შორის, იმ დროს, როდესაც თქვენ პოლიტიკური ცირკი უნდა მოაწყოთ, მე შეიძლება ცოტა უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდეს”, – თქვა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილი კი აცხადებს, რომ მინისტრს საკომიტეტო მოსმენაზე მისვლაზე უარის თქმის უფლება არ აქვს და ის კანონს არღვევს:

“მე გკითხეთ, რატომ აყენებთ თავს კანონზე მაღლა და თქვენ აცხადებთ, რომ აზრს ვერ ხედავთ. შინაგან საქმეთა მინისტრი როდესაც ამბობს, რომ კანონის დაცვის აზრს ვერ ხედავს, აქ არც შეკითხვა აღარ უნდა დასვა და არც კომენტარი უნდა გააკეთო იმიტომ, რომ თავისთავად გზავნილია. თქვენ ერთ-ერთი მთავარი მოწოდება უნდა გქონდეთ, რომ ყველამ დაიცვას კანონი და თქვენ აკეთებთ პარლამენტის ტრიბუნიდან განცხადებას, რომ დიახ, არ დაიცავთ კანონს და მის აზრს ვერ ხედავთ”, – ამბობს გოგორიშვილი.

ამავე თემაზე  – დამპატიჟონ ყავაზე და მივალ – გახარია “ევროპული საქართველოს” მოთხოვნაზე 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.