ახალი ამბები

შს მინისტრი ხომ არ დავიწყებ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარს – გახარია

2 მაისი, 2019 • 837
შს მინისტრი ხომ არ დავიწყებ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარს – გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წევრებს ახსენებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი უკვე დიდი ხანია პარლამენტშია შესული. მისივე თქმით, შსს მინისტრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ვერ ისაუბრებს.

ეს განცხადება გახარიამ გიგი წერეთლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“ნარკოპოლიტიკის რეფორმის ინიციატივა პარლამენტში იყო. აქ არის ახლა ეს [კანონპროექტი] გაჩერებული. შს მინისტრი ხომ არ დავიწყებ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საუბარს. არ ვიცი, ახლა პარლამენტშია გაჩერებული, მოიკითხეთ და გაიგებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 2017 წელს შევიდა, თუმცა კენჭისყრაზე ამ დრომდე არ გასულა.

კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანიზმის, ინდივიდუალური და არარეპრესიული მიდგომის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებს.

კანონპროექტით, ზღვრული ოდენობების გაწერასთან ერთად,  ერთ-ერთი სიახლე იქნება საქართველოს მასშტაბით 15 სხვადასხვა ადგილას შექმილი კომისია. კანონპროექტით, ეს კომისიები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან იმუშავებენ და იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკებთან შემხებლობის მქონე პირი არ გაითვალისწინებს კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, ამის შემდეგ კომისია მიმართავს სასამართლოს, კონკრეტული სანქციის დაკისრების თაობაზე იმსჯელოს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ამ ადამიანებს  მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცეთ, რისთვისაც სახელმწიფომ სერვისები უნდა განავითაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი