ჯანდაცვის სამინისტრო მოცემულ პირობებს არღვევს – სოცმუშაკები

სოციალური მუშაკების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც გაფიცვის დამთავრებამდე მათ რიგ საკითებზე შეუთანხმდა, გაცემულ პირობებს არ ასრულებს. სოცმუშაკების თქმით, საქმე ეხება მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ საკითხს – სოციალური ცენტრებისთვის გამოყოფილ მანქანებს.

განცხადებაში სოციალური მუშაკები განმარტავენ, რომ გადაუდებელი/სწრაფი რეაგირების მანქანები სოციალური მომსახურების ცენტრებთან მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში იდგა, შემდგომ კი ისინი წერეთლის გამზირის N144-ში (ჯანდაცვის სამინისტროს მისამართი) გადაიყვანეს.

“დღეს არცერთი მანქანა ადგილზე არაა და სამინისტროს თქმით, მათი გამოყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე შეუძლია სოციალურ მუშაკს, ისიც უნდა დაელოდოს, ვიდრე წერეთლის 144 ნომრიდან შესაბამისი მიმართულებით არ წავა მანქანა, მიაკითხავს სოიცალურ მუშაკს ცენტრში და შემდეგ წავა სწრაფ რეაგირებაზე.

მაგალითად, დიდ ლილოში  ბავშვზე ძალადობის შესაძლო შემთხვევაზე სოციალური მუშაკი წერეთლის 144 ნომრიდან მომავალ მანქანას უნდა დაელოდოს.

“ვიდრე წერეთლიდან ეს მანქანა მოვიდოდა, მე ვერ დავიცდიდი, ჩემით გავიქეცი და 15 წუთში ვიყავი ადგილზე, გადაუდებელი ნიშნავს გადაუდებელს!” – წერია სოცმუშაკების განცხადებაში.

ამასთანავე, სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ სამინისტროსგან დღემდე არ აქვთ პასუხი, თუ რა გეგმის მიხედვით აპირებს უწყება ათასობით მიმდინარე შემთხვევებზე გადაადგილების უზრუნველყოფას.

“სამწუხაროდ, გვაქვს განცდა, რომ მიუხედავად სისტემის ნაკლოვანებების სრული და სამართლიანი გაშიშვლებისა, გადაწყვეტილების მიმღები პირები არ აპირებენ სოციალური სამსახურის გაჯანსაღებაზე ზრუნვას და სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას”, – წერენ სოცმუშაკები.

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი ასეთია:

“ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მიმართვებზე რეაგირებისათვის გამოყოფილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საკმარისია როგორც ცენტრში ასევე რეგიონებში. ავტომობილები 24-საათიან მზადყოფნაში არიან კვირის ნებისმიერ დღეს. სოციალური მუშაკები სოციალური მომსახურების სააგეტნოს რაიონული განყოფილების უფროსებს უკავშირდებიან ავტოსატრანსპორტო საშაულების მისაღებად. ავტომობილები კი რეგიონულ ცენტრებშია დგანან.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში აპრილის თვეში სოციალური მომსახურების სააგენტომ 5 ავტომობილი გამოყო მხოლოდ ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ გამოძახებებზე რეაგირებისათვის. ავტომობილების განლაგება ქალაქში დამოკიდებული იყო მომართვების ლოკაციებზე. ავტომობილებს, ქალაქ თბილისის გზებზე მოძრაობის ინტენსივობისა და სირთულეების გათვალისწინებით გამოძახებაზე მისასვლელად 40 წუთზე მეტი არ დასჭირვებია.

მაისიდან თბილისს ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მიმართვებზე რეაგირებისათვის 3 მანქანა ემსახურება. ბოლო დღეების განმავლობაში, ქ. თბილისში მომართვიანობის შემცირებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მანქანების რაოდენობის შესამცირებლად, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მომართვებმა ისევ მოიმატა, სოციალური მომსახურების სააგენტო მზად არის გაზარდოს ავტოსატრანსპორტო საშაულებების რაოდენობა.


ამ ეტაპზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მობილიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის საკმარისია. მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში სააგენტო მზადაა დაამატოს სატრანსპორტო საშუალებები სამუშაო პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად”.


სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა, სოცმუშაკების შეფასებით, უშედეგოდ დასრულდა.

სოციალური მუშაკები გაფიცვის მიზეზად ასახელებდნენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. ისინი ამბობდნენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად უწევთ თავიანთი პირადი ფინანსების დახარჯვა ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.

სამინისტროსთან რამდენიმე შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ, 2 აპრილს სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მიუხედავად გაფიცვის შეწყვეტისა, სოციალურმა მუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის დაფუძნების შესახებ და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხდა, მუშაობა კოლექტიური მოლაპარაკების ფორმატში გაგრძელდება.

სოცმუშაკების ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე:

  • სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან
  • სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება
  • 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს
  • გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა
  • დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში
  • დაიგეგმა ინსფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება.

შეთანხმება ვერ შედგა შემდეგ საკითხებზე:

  • არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო ჩვენ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ასევე, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანზიაციები
  • არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა
  • საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე, უწყების შიგნით საკითზე მუშაობა, თუმცა ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან