ახალი ამბები

რატომ არის პრობლემური ოქრუაშვილის განცხადება ეთნიკური აზერბაიჯანელებზე — NGO-ები

2 მაისი, 2019 • 2038
რატომ არის პრობლემური ოქრუაშვილის განცხადება ეთნიკური აზერბაიჯანელებზე — NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება — “კოალიცია თანასწორობისთვის” — აკრიტიკებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს დავით გარეჯის საკითხზე, რომელიც, ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს აზერბაიჯანელი თემის „პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და მარგინალიზებას უწყობს ხელს“.

ოქრუაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ 2005 წელს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა და დაემუქრა, თუ გარკვეულ საკითხზე პოზიციას არ დათმობდა, „წითელ ხიდზე [საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე] 500 000 ლტოლვილს მიიღებდა“.

რა თქვა ოქრუაშვილმა?

მან 25 აპრილს ფეისბუკზე დაწერა, რომ 2005 წელს, მისი მინისტრობის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან გარკვეულ საკითხზე [ეს საკითხი არ დაუსახელებია] შეთანხმებას ვერ აღწევდა. ამ საკითხთან დაკავშირებით იგი საზღვართან, ჯანდარის ტბაზე, „სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე“ შეხვდა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს.

„მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი, ეგრე არ გამოვა-მეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემს საწყობებში დაიცლება-მეთქი [ანუ იარაღს არ გაგატანთო]. არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა. მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი, ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი, გამკეთებელი ვარ-მეთქი. გაჭრა“.

კოალიციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილის გავლენები საჯარო სივრცეში „დღეს არსებითად სუსტია, მისი რიტორიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიმპტომატურად აჩვენებს დომინანტურ პოლიტიკასა და დისკურსს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების მიმართ“. ეს კი, მათ თანახმად, ხელს უწყობს ამ ჯგუფების „გაუცხოებას, სოციალურ დახარისხებას“.

ორგანიზაციების განცხადებით, ოქრუაშვილი „საქართველოს აზერბაიჯანელებს აკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დავით გარეჯში ხდება, ვინაიდან თითქოს ისინი არასოდეს იყვნენს საქართველოში ცვლილებების მომხრე, არასოდეს იღებდნენ ხმას საქართველოს ინტერესების დასაცავად და ისინი არიან სათამაშო ფიგურა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის საქართველოში“.

„ოქრუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რომ საქართველო „მათთან ვალში არაა“, არამედ- პირიქით. მეტიც, ოქრუაშვილის მორიგი საჯარო პოსტი შეურაცხმყოფელად და აგდებულად მიმართავს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებს, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ვერ მოახერხეს და ვერ ისწავლეს ქართული ენა“, — წერს ორგანიზაცია.

[yellow_box]„დომინანტური პოლიტიკის გამოვლინება“[/yellow_box]

კოალიციის აზრით, ოქრუაშვილის განცხადებები „იმ დომინანტური პოლიტიკის გამოვლინებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან კავშირში ხედავს და მათ ხშირად სხვა ქვეყანასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების ან გავლენის მოპოვების საგნად აქცევს“.

განცხადებაში მითითებულია პარლამენტის წევრის, მარიამ ჯაშის რამდენიმე თვის წინანდელი განცხადება: „აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე“.

[ნახეთ ასევე: მარიამ ჯაშის განცხადებამ გამაოგნა… ასეთი რამ 90-იანების შემდეგ არ გამიგია – ზაქარეიშვილი]

„ცხადია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და მასთან თანამშრომლობით ურთიერთობები მრავალმხრივად არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს გარემოება არანაირ გავლენას არ უნდა ახდენდეს საქართველოს აზერბაიჯანელი თემის საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად აღქმასა და ინტეგრაციაზე“, — წერს კოალიცია.

„წლების განმავლობაში არასაკმარისი ინტეგრაციის პოლიტიკა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ გაუცხოებასა და უნდობლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური ხედვები და რიტორიკა ეთნიკური უმცირესობების მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მონიშვნას და განცდას იწვევს. ეთნიკური უმცირესობები ხშირად პოლიტიკური ჯგუფების მიერ, სრულიად გაუმართლებლად, დიასპორად და სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებლად განიხილებიან, რაც მათ მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას არსებითად უსაფრთხოების პარადიგმაში აქცევს. ეს ჩვენი მოქალაქეების მარგინალიზების და დახარისხების გაუმართლებელი და დისკრიმინაციული პოლიტიკაა“.

კოალიცია აღნიშნავს, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ თემში „მიმდინარეობს თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთან ღრმა თვითიდენტიფიკაციით და მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში მონაწილეობის მზარდი ინტერესით ხასიათდება. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ჯგუფებს ეთნიკური უმცირესობების შესახებ ზედაპირული, სოციალურ კონტექსტს მოკლებული ცოდნა გააჩნიათ, რაც ასევე არის არადემოკრატიული და გამრიყავი პოლიტიკური ხედვების მიზეზი“.

 


ოქრუაშვილმა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯერ მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო, შემდეგ კი- ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ პოლიტიკაში დასაბრუნებლად კონსულტაციებს მართავს და „გეგმებზე მაისში ისაუბრებს“. 2005 წელს, როდესაც, მისი თქმით, აზერბაიჯანის წარმომადგენელს დაემუქრა, იგი თავდაცვის მინისტრი იყო.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არის არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” და „იდენტობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი