ახალი ამბები

პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერავინ ვერსად შეზღუდავს – გახარია

2 მაისი, 2019 • 690
პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერავინ ვერსად შეზღუდავს – გახარია

შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, პოლიციის და პოლიციელის დისრედიტაციის მცდელობამ სისტემური ხასიათი მიიღო.

“ეს იღებს კამპანიურ ხასიათს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის” ფარგლებში გამოსვლისას.

მისი თქმით, პოლარიზაციის დონე საზოგადოებაში ძალიან მაღალია და არის მცდელობა, პოლიცია გახადონ მხარე, მაშინ როცა შსს-ს პოზიცაა, რომ პოლიცია არის აპოლიტიკური და ყველასი.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა “გარკვეულ მცდლეობებზე, შეზღუდონ პოლიციის მოქმედების არეალი, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები და სხვა”.

“მინდა ხაზგასმით ვთქვა, ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერცერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად”, – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრმა საზოგადოებას  მოუწოდა, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებში, როგორიცაა საოკუპაციო ზოლი და საზღვარი, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს, რადგან ქვეყნის უსაფრთხოება ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი