ახალი ამბები

კიდევ ერთი მეთოდი, რითაც აჭარა TV-ს ებრძოდნენ – კაპანაძე თათბირის კადრების გავრცელებაზე

2 მაისი, 2019 • 2041
კიდევ ერთი მეთოდი, რითაც აჭარა TV-ს ებრძოდნენ – კაპანაძე თათბირის კადრების გავრცელებაზე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ფარულად ჩაწერილი თათბირის კადრების გავრცელება არის „კიდევ მეთოდი და დადასტურება იმისა, თუ რა მეთოდებით იბრძოდნენ მაუწყებლის წინააღმდეგ“.

პირველ მაისს ფეისბუკზე გავრცელდა ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის თათბირის კადრი. კადრზე აღბეჭდილია მოკლე ფრაგმენტი, სადაც ჩანს, რომ ნათია კაპანაძე თათბირს ტოვებს და გასვლის დროს კარში შემხვედრ თანამშრომელს ხელით განზე სწევს. კადრი გამოაქვეყნეს იმის დასდასტურებლად, თუ რა „უხეშად ექცევა“ ნათია კაპანაძე თანამშრომლებს.

მე კარგად მესმოდა, რომ ქვეყანაში, სადაც ფარული მიყურადების გარემოში ვცხოვრობდით… ეს პროცესები იქნებოდა ჩემ გარშემო. და გუშინაც გავრცელდა ერთ-ერთი ჩანაწერი, თითქოსდა ადგილი ჰქონდა რაიმე კანონდარღვევას. თუმცა ეს [რაც კადრებშია აღბეჭდილი] კანონდარღვევა არ ყოფილა, ეს არ არის დანაშაული“, — განაცხადა ნათია კაპანაძემ 2 მაისს ევროკავშირისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კონფერენციაზე.

კაპანაძის შეფასებით, კადრების გავრცელება არის „მედიაორგანიზაციაში მომხდარი ფაქტების გასაჯაროება ყველანაირი საკანონმდებლო ჩარჩოს დარღვევით“. 

„მე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, კარგად მესმოდა, რომ ეს პროცესები იქნებოდა ჩემ გარშემო, მაგრამ მაძლიერებდა ის გარემოება, რომ მედიასამრთლის სპეციალისტი ვარ და მაძლიერებდა არასამთავრობო სექტორის წრეებიდან მიღებული გამოცდილება. …მოვიტანეთ იდეა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოვა ჩვენს ქვეყანაში და ამ პროცესს სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა“, — განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, მე კარგად ვიცოდი, რა გარემოში ვმუშაობდი, ვიცი ისიც, როგორ ხდება მიყურადება ამ ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, ის კონკრეტული შეხვედრაც კი აბსოლუტურად ჯდებოდა საქმიან ფორმატში და არ ჰქონია რაიმე დანაშაულს ადგილი“, — განუცხადა მოგვიანებით კაპანაძემ ნეტგაზეთს. 

გია ქარცივაძე, აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ „ეს კამერა არის განთავსებული ფოიეში უსაფრთხოების მიზნით. მხოლოდ ერთეულ ადამიანებს მიუწვდებოდათ ხელი ჩანაწერზე“.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან 19 აპრილს გადააყენეს. მან მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი