ახალი ამბები

“იდენტობა” სანდრო ბრეგაძის თანამდებობიდან მოხსნას მოითხოვს

28 ოქტომბერი, 2014 • • 3877
“იდენტობა” სანდრო ბრეგაძის თანამდებობიდან მოხსნას მოითხოვს

“2014 წლის 25 ოქტომბერს “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ალექსანდრე ბრეგაძესთან – სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან დიასპორის საკითხებში. აღნიშნულ ინტერვიუში ალექსანდრე ბრეგაძე ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველ გამონათქვამებს იყენებს “იდენტობის” აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ და საქართველოს პატრიარქის კრიტიკისთვის მოქალაქეებს მასზე ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს.

 

“აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ პიროვნების მიმართ! თუ ასე არ მოხდება, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას!”, – აცხადებს ალექსანდრე ბრეგაძე და აქვე დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას თმენის ვალდებულება გააჩნია, თავად არ იცის, რას იზამს, თუ მას ირაკლი ვაჭარაძე შეხვდება: “დიდი იმედი მაქვს, რომ მაგ არარაობას არსად შევხვდები! არ ვიცი, რას ვიზამ, თუმცა მე თმენის ვალდებულება მაქვს…”.

 

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბრეგაძე 2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ გაასამართლა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისათვის მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც პირობით სასჯელში ჩაეთვალა. მოცემულ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც ბატონმა ალექსანდრემ თავში იარაღი ჩაარტყა, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელია, რომელმაც, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო ბენზინის მილი ბრეგაძის მანქანიდან გამოეძრო, რადგან ბრეგაძემ ავტომანქანა დროზე ადრე დაძრა და შედეგად ავტომანქანის ფარი დაზიანდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ალექსანდრე ბრეგაძე პატივს არ სცემს: ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას (მითითებული სტატიის ქვემოთ უამრავმა ადამიანმა უკვე გამოთქვა ირაკლი ვაჭარაძის ფიზიკურად განადგურების სურვილი და უკანონო ქმედებების ჩადენის მზაობა); ადამიანის პატივსა და ღირსებას (ალექსანდრე ბრეგაძის ინტერვიუში გამოყენებულია ადამიანის ღირსებისა და პატივისთვის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ირაკლი ვაჭარაძის მიმართ); აზრის გამოხატვის თავისუფლებას (ლინჩის წესით გასამართლებისაკენ მოქალაქეების წაქეზება სწორად ამ უფლების განხორციელებას მოჰყვა); გაერთიანების თავისუფლებას (ალექსანდრე ბრეგაძის ზემოხსენებული ინტერვიუ მიმართულია “იდენტობის” საქმიანობის ხელის შეშლისაკენ, რადგან ირაკლი ვაჭარაძე მოხსენიებულია ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად, თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე, აღნიშნული ინფორმაციის დამატება საჭირო არ იყო); საზოგადოებრივ წესრიგს (ხულიგნობის ფაქტი, რომელიც თავად ალექსანდრე ბრეგაძემ სასამართლოს წინაშე აღიარა).

 

“იდენტობა” დღეს წერილობითი განცხადებით, მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე სახელმწიფო მინისტრსა და სახალხო დამცველს, და ალექსანდრე ბრეგაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი პიროვნება სრულიად შეუფერებელია დაკავებული თანამდებობისთვის და ზოგადად საჯარო სამსახურში მოღვაწეობისთვის”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი