კომპანია სილქნეტი ადასტურებს, რომ მათ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის განხორციელების თაობაზე.
“სს სილქნეტმა, სხვა კომპანიებთან ერთად, ტენდერით დადგენილ ვადებში წარადგინა შესაბამისი წინადადება ყველა იმ დოკუმენტთან და ინფორმაციასთან ერთად, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით. წარდგენილი წინადადება ჩაითვალა საუკეთესოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და სილქნეტი გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვაობა სილქნეტის მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი – 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი”, – აცხადებენ სილქნეტში.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან:
“დღეისათვის სილქნეტის მხრიდან მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესრულების მიზნით.
დაარსების დღიდან, კომპანია „სილქნეტი“ წარმოადგენს ერთ-ერთ სოლიდურ და სანდო რეპუტაცის მქონე კომპანიას ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და უკვე წლებია სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას უწევს უამრავ კორპორატიულ კლიენტს (მათ შორის, თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას, ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით). დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია სილქნეტი მზად არის, მიაწოდოს გამოძიებას ნებისმიერი ინფორმაცია, რაც წაადგება საქმის ეფექტურად გამოძიებას”, – აცხადებენ სილქნეტში.
პროკურატურის ბრალდებებს დღეს თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, ამ კონკრეტულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი ადევს და საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
მთავარ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები- გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, ნუგზარ კაიშაური და დავით წიფურია.
