სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა. პრემიერ-მინისტრმა ტაბატაძის დანიშვნის ბრძანებას გუშინ, 30 აპრილს მოაწერა ხელი. ტაბატაძე 2016 წლიდან ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.
იუსტიციის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ის იმ გუნდს შეუერთდება, რომელიც პენიტენციურ სისტემას მართავს. ასევე, იქნება პასუხისმგებელი აღსრულების პოლიციასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.
ტაბატაძე 2012- 2013 წლებში მაშინდელი შსს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო. ის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2013-2016 წლებშიც მუშაობდა. სამინისტროს ინფორმაციით, ტაბატაძე ტრეფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობაზე იყო პასუხისმგებელი.