ახალი ამბები

სოცმუშაკების, საზმაუს, მეტროს და „სოლიდარობის“ პროფკავშირები ახალ გაერთიანებას ქმნიან

1 მაისი, 2019 • 1779
სოცმუშაკების, საზმაუს, მეტროს და „სოლიდარობის“ პროფკავშირები ახალ გაერთიანებას ქმნიან

ოთხი პროფესიული კავშირი — სოციალური მუშაკები, საზოგადოებრივი მაუწყებლის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფკავშირები, „სოლიდარობის ქსელთან“ ერთად — ახალ პროფკავშირულ გაერთიანებას (კონფედერაციას) ქმნის.

ჯგუფებმა ახალი გაერთიანების შექმნა პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს გამოაცხადეს.

„ჩვენ ვქმნით ახალ, ალტერნატიულ პროფკავშირების გაერთიანებას, რადგან არსებული პროფკავშირული მოძრაობა საჭიროებს განახლებულ სტრატეგიას, სამოქმედო გეგმას, მიდგომებსა და ზოგადად, ახალ ხალხს“, — წერია მათ ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოში დღეს ფუნქციონირებს „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ (GTUC), რომლის პრეზიდენტია ირაკლი პეტრიაშვილი, და რომელიც სხვადასხვა რეგიონსა და სფეროში დასაქმებულებს აერთიანებს.

ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან მშრომელთა მოძრაობას ახალი სიცოცხლე ეძლევა. ჩვენ ახალი პროფკავშირების კონფედერაციის შექმნას ვაანონსებთ პირველ მაისს, რადგან ეს არის მშრომელთა საერთაშორისო დღე და ეს თარიღი გვსურს გახდეს ახალი და ძლიერი მშრომელთა მოძრაობის ჩამოყალიბების ათვლის წერტილი“.

პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, რომელიც საზმაუს დამოუკიდებელ პროფკავშირს ხელმძღვანელობს; „სოლიდარობის ქსელის“ წევრი სოფო ჯაფარიძე, „ერთობა 2013“-ის წევრი ზაზა ბარბაქაძე და სოცმუშაკების გაერთიანების წევრი მარიამ ბანძავა.

ჯგუფების თანახმად, ისინი გაერთიანებული ძალებით იბრძოლებენ „ყველა მშრომელისთვის, რათა არავის უწევდეს 40 საათზე მეტი მუშაობა; რათა ყველას ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება, დადგენილი გრაფიკი, უსაფრთხო სამუშაო გარემო, თავისუფალი დრო და ცხოვრება სამსახურის გარეთ; უკეთესი ინსტიტუციური სისტემისთვის, რათა შრომის კოდექსი გაძლიერდეს, მოხდეს მისი აღსრულება და მშრომელთა უფლებები იყოს დაცული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი