ვახტანგ ყოლბაია გადადგა, მას რუსლან აბაშიძე შეცვლის

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თანამდებობა დატოვა.

ამ წუთებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე მსჯელობს. როგორც “ნეტგაზეთს” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განუცხადა, თავდაპირველად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულების პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ ერთ – რუსლან აბაშიძის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, აბაშიძის კანდიდატურას დღესვე ეყრება კენჭი.

რუსლან აბაშიძე 1996 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2013-2014 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი, 2009-2013 წლებში – ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი  კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე რუსლან აბაშიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

რუსლან აბაშიძე, თავის მეუღლე და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორ თაკო ჩხეიძესთან ერთად, გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის ფიგურირებდა. 2018 წლის  28 სექტემბერს მან სალომე ზურაბიშვილს 59 958 ლარი შესწირა.

 

 

ციხელაშვილის პირველ მოადგილედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.