შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს რუსლან აბაშიძე დაიკავებს.
როგორც “ნეტგაზეთს” სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, რუსლან აბაშიძე 1996 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2013-2014 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი, 2009-2013 წლებში – ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997-1998 წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობდა.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე თაკო ჩხეიძე და სამი შვილი.
რუსლან აბაშიძე, მის მეუღლე და თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორ თაკო ჩხეიძესთან ერთად, გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის ფიგურირებდა. 2018 წლის 28 სექტემბერს მან სალომე ზურაბიშვილს 59 958 ლარი შესწირა.
