ჩეჩნეთში ჟურნალისტმა ჟალაუდი გერიევმა საპატიმრო დატოვა

ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალაუდი გერიევი, რომელიც პოლიტიკურ პატიმრად იყო მიჩნეული, 30 აპრილს საპატიმროდან გამოვიდა. მან სრულად მოიხადა პატიმრობის სამწლიანი ვადა. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა  Кавказский узел, რომლისთვისაც გერიევი მუშაობდა.

გერიევი 2016 წლის სექტემბერში ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავეს. იგი უარყოფდა ბრალდებას და ამბობდა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. მოგვიანებით რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია მემორიალმა გერიევი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა. მასზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის Human Rights Watch-ს ჰქონდა განცხადებები გაკეთებული.

გერიევი ამბობდა, რომ დაპატიმრების წინ, გროზნოს აეროპორტისკენ მიმავალი, შეიარაღებულმა ადამიანებმა ტყეში გაიტაცეს. იქ ეკითხებოდნენ სამსახურის შესახებ, აბრალებდნენ, რომ ტერორისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი იყო; წაართვეს ლეპტოპი, ორი ტელეფონი და ზურგჩანთა.

შემდეგ კიდევ ერთი ადამიანი მივიდა ადგილზე, რომელმაც გერიევს თავზე ტომარა ჩამოაცვა და ახრჩობდა, თუმცა ბოლო მომენტში მოხსნა. მოგვიანებით გერიევი პატარა ქალაქ კურჩალოის სასაფლაოზე წაიყვანეს და იმავე ადამიანებმა ოფიციალურად დააპატიმრეს. მისივე თქმით, პირველი ჩვენება, სადაც ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშ მისცა.

ტანია ლოკშინა, HRW-ის რუსეთის პროგრამის დირექტორი აცხადებდა: „ეჭვიც არ გვეპარება, რომ გერიევი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ისჯება“.

ორგანიზაცია მემორიალის თანახმად, ნარკოტიკების ჩადება ნაცადი ხერხია, რასაც ხელისუფლება იყენებს ანტისახელისუფლებო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ნარკოტიკების, კერძოდ მარიხუანის, შენახვის ბრალდებით 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გამოცდილ აქტივისტს, უფლებადამცველს, 61 წლის ოიუბ ტიტიევს.

ჩეჩნეთში აქტივისტ ოიუბ ტიტიევს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com