აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას არ სურდა, ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს კენჭი ეყარა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, — იუწყება გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმზი“ (NYT).
იმ წელს დემოკრატების მთავარი კანდიდატი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო, რომელიც დონალდ ტრამპთან დამარცხდა. ბაიდენმა ოფიციალურად 4 დღის წინ გამოაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
„ტაიმზმა“ 28 აპრილს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერია, რომ ობამამ 2015 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, ნელ-ნელა გადაარწმუნა ბაიდენი, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
გამოცემის თანახმად, იმ დროს, როდესაც ბაიდენმა საარჩევნო კამპანიაზე ფიქრი, კამპანიის აწონ-დაწონვა დაიწყო, ობამას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ „დემოკრატებისთვის“ ჰილარი კლინტონი იყო წარმატების საწინდარი. საბოლოოდ, კლინტონმა შიდაპარტიული პრაიმერიზი მოიგო, თუმცა დონალდ ტრამპთან დამარცხდა.
ამასთან, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ თანახმადვე, ობამას მიაჩნდა, რომ ბაიდენი, ცოტა ხნით ადრე შვილის გარდაცვალების გამო, არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ კენჭი ეყარა.
როგორც NYT წერს, თავდაპირველად ობამას არ სურდა, უხეშად ჩარეულიყო ბაიდენის გადაწყვეტილებაში, თუმცა საბოლოოდ, რამდენიმე კვირის შემდეგ, არჩევნების სტრატეგიაზე მომუშავე საკუთარ სპეციალისტს ბაიდენისთვის შეაფასებინა, თუ რა შანსები ჰქონდა. „პრეზიდენტს არ წავუხალისებივარ“, — უთქვამს მოგვიანებით ბაიდენს.
„ტაიმზის“ თანახმადვე, ბაიდენი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პოზიციონირებს, როგორც ობამას ერთგვარი მემკვიდრე. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ობამამ, მართალია, კანდიდატურის გამოცხადების შემდეგ შეაქო ბაიდენი, იგი არცერთი კანდიდატის ოფიციალურ მხარდაჭერას არ აპირებს. გამოცემა The Hil-ის თანახმად კი, წინა კვირას ბაიდენმა განაცხადა, რომ ობამას თვითონ სთხოვა, მხარი არ დაეჭირა.
სტატიაზე კომენტარები ჯერჯერობით არც ობამას და არც ბაიდენს არ გაუკეთებიათ.
76 წლის ჯო ბაიდენი აშშ-ის სენატორი ექვსჯერ გახდა. ის საპრეზიდენტო არჩევნებში 1998 და 2008 წლებშიც მონაწილეობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ჯო ბაიდენს ვიცეპრეზიდენტის პოსტი ეკავა.
25 აპრილს გავრცელებულ პირველ საიმიჯო რგოლში ბაიდენი გამოეხმაურა ნეონაცისტური ჯგუფების გაძლიერებას. მისი თქმით, ასეთი ჯგუფების გაძლიერება დემოკრატიასა და მთლიანად ქვეყანას საფრთხეს უქმნის.
“თუ ჩვენ დონალდ ტრამპს ამერიკის 8 წლით მართვის საშუალებას მივცემთ, ის საბოლოოდ და ფუნდამენტურად გადააგვარებს ჩვენი ერის ბუნებას, თუ ვინ ვართ ჩვენ. და მე არ შემიძლია გვერდიდან ვუყურო ამას”, – თქვა მან. „ყველა ღირებულება, რის გამოც ამერიკა ამერიკაა, საფრთხეშია“.
ჯო ბაიდენი გამოეხმაურა ჩარლოტსვილში “თეთრი ნაციონალისტების” სიძულვილით მოტივირებულ გამოსვლებს და თქვა, რომ მათი მოწოდებები იყო ზუსტად ისეთივე, როგორიც ევროპაში ისმოდა გასული საუკუნის 30-იან წლებში.
ბაიდენის შეფასებით, ტრამპის მიერ სიძულვილით აღსავსე გამომსვლელებისა და მათი მოწინააღმდეგეების თანაბარ, ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებად წარმოჩენამ ამერიკას “შოკი მოჰგვარა”. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, წარმოუდგენელია ტოლობის ნიშანი დაისვას მოძალადეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.