პროტესტი სალვინის – გოგოებმა იტალიის ვიცე–პრემიერთან ფოტოს გადაღებისას ერთმანეთს აკოცეს

იტალიის ვიცე–პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი მხარდამჭერებთან სელფებს იღებდა, როცა ორმა გოგომ მომენტით სარგებლობა გადაწყვიტა: მათ მატეო სალვინის სამახსოვრო ფოტო სთხოვეს, გადაღებისას კი ერთმანეთს აკოცეს. ასე გოგოებმა ლგბტ საკითხების მიმართ მატეო სალვინის ხედვები გააპროტესტეს.

შემთხვევა სიცილიის რეგიონში, ქალაქ კალტანისეტაში მოხდა. Euronews-ის თანახმად, სალვინი იტალიის მმართველი “ლიგის პარტიის” მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეკრებას ესწრებოდა. ღონისძიების დასასრულს, მინისტრმა მხარდამჭერებთან სამახსოვრო სელფების გადაღება გადაწყვიტა, რა დროსაც სტუდენტმა გოგოებმა – გაიამ და მატილდემ – ერთმანეთს აკოცეს და ასე გადაიღეს სურათი მასთან ერთად. ამ ფორმით მათ მატეო სალვინის დასწრება გააპროტესტეს ვერონაში გამართულ “ოჯახის კონგრესზე”, რომელიც არაერთმა სამოქალაქო ჯგუფმა ანტი–ლგბტ ღონისძიებად შეაფასა და ათობით ათასმა ადამიანმა აქციით გააპროტესტა.

მოგვიანებით, ფოტო, ირონიული წარწერით – “გამარჯობა, მეგობარო” – გაიამ “ინსტაგრამზე” ატვირთა, სადაც ის ათასობით ადამიანმა მოიწონა და გააზიარა.

“როცა მინისტრმა მინისტრმა [ხალხს] მოუწოდა, სცენაზე ასულიყვნენ და მასთან სელფები გადაეღოთ, ჩვენ ეს იდეა დაგვებადა, რადგან მან, როგორც მინისტრმა, ოჯახის მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პროვოკაციული და ინსტინქტური ჟესტი ჩვენი მხრიდან, თუმცა არა დაგეგმილი. სალვინი არ ელოდა, რომ ასეთ ფოტოს გადავიღებდით. როცა ერთმანეთს ვკოცნიდით, ვფიქრობ, აგენტმა, ერთმანეთს სწრაფად დაგვაცილა, სალვინიმ კი გვითხრა – “წარმატებებს გისურვებთ”. ჩვენც, ირონიულად, მადლობა გადავუხადეთ”, – უთხრა გაიამ “ევრონიუსს”.

მატეო სალვინი ქალაქში სხვა სახის პროტესტსაც გადააწყდა. აქტივისტების ჯგუფი მას შეძახილებით და ცნობილი “ბელა ჩაო”–ს სიმღერით დახვდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან