ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში ახალგორელთა ინტერესების დაცვა თემურ ცხურბათს სურს

27 აპრილი, 2019 • 1669
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში ახალგორელთა ინტერესების დაცვა თემურ ცხურბათს სურს

ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ცხურბათმა, რომელიც ხშირად მონაწილეობს ქართულ-ოსურ სამშვიდობო დიალოგში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2019 წლის 9 ივნისს უნდა გაიმართოს, ახალგორის რაიონიდან დამოუკიდებელ სადეპუტატო კანდიდატად დასარეგისტრირებლად განაცხადი შეიტანა.

ჯერჯერობით, უცნობია, დაარეგისტრირებს თუ არა დე ფაქტო საარჩევნო კომისია თემურ ცხრუბათს კანდიდატად. რამდენიმე კვირის წინ ცხურბათი ცხინვალში “ანტისახელმწიფობრივ” ინტერესებშიც დაადანაშაულეს იმის გამო, რომ მან მონაწილეობა მიიღო ქართული სტუდია რე-ს გადაცემაში.

“ის, რომ 10 წლის წინ აღიარების შემდეგ ჯერ კიდევ დეპრესიულ მდგომარეობაში ვართ, ამაში ჩემს დანაშაულსაც ვგრძნობ. თავის დროზე, მეც და ჩემი მეგობრებიც ჩვენივე გადაწყვეტილებით წავედით ხელისუფლებიდან. გვრცხვენოდა, არ გვინდოდა ხელისუფლებაში ყოფნა, რადგან ომში ვმონაწილეობდით და ეს აღქმული იქნებოდა, როგორც ბრძოლა ხელისუფლებისთვის” – ამბობს ცხურბათი ეხოკავკაზსთან საუბარში.

ახალგორის რაიონი [ცხინვალში მას ლენინგორად მოიხსენიებენ] 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლქვეშ გადავიდა.

“ლენინგორის რაიონი ყველაზე დეპრესიულია. ამ ადამიანებს არ სურდათ სამხრეთ ოსეთში ყოფნა. შესაძლოა, – არც საქართველოში. ისინი ჯერ კიდევ 21-ე საუკუნეში შემოგვიერთდეს, 91 წელს გავიდნენ, 2008 წელს ისევ დაბრუნდნენ. ამასთან, მოსახლეობისთვის არასოდეს უკითხავთ, რა სურთ მათ? დღეს სრულიად ნათელია, რომ მათი უმრავლესობას საქართველოზე აქვს ორიენტირი. ვფიქრობ, თუკი ჩემი საქმით შევძლებ იმას, რომ ლენინგორის მკვიდრმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს, რომ მოინდომოს მაინც სამხრეთ ოსეთში ცხოვრება, ამას ჩემს წარმატებად მივიჩნევ. ანუ თუ ლენინგორში კარგად იქნება ყველაფერი, მთელ სამხრეთ ოსეთშიც ასევე იქნება. ეს არის ჩემი პოზიცია”, – აცხადებს დეპუტატობის მსურველი.

ცხურბათის გარდა, ამ ეტაპზე დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალგორის დეპუტატობისთვის განაცხადი კიდევ 4-მა დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეიტანა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ჯერ არცერთ მათგანს არ დაუწყია.

ქართველებსა და ოსებს შორის აქტიურ ურთიერთობებს ვისურვებდი – თემურ ცხურბათი

მასალების გადაბეჭდვის წესი