დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტიის პოზიცია რჩება უცვლელი და არანაირი საფრთხე იმის შესახებ, რომ რესპუბლიკელები კოალიციას ტოვებენ, არ არსებობს და ეს ის განცხადებაა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე პირადად აგებს პასუხს.
„კოალიცია შეიქმნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად და იგი არის ინსტრუმენტი ქვეყნის უკეთ მართვისთვის. კოლეგებს ვთავაზობ, კარგად გავიაზროთ, რა ამოცანები აქვს დარჩენილი კოალიციას ორი წლის ვადაში, ვგულისხმობ საპარლამენტო ვადის ორწლიან ვადას, თორემ ჩვენი გეგმები იმის იქითაც მიდის. ჩვენ ვთვლით, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდა საარჩევნო ციკლი, ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და უელსის სამიტისგან გვაქვს ნატოს შეთავაზების პაკეტი უსაფრთხოების განმტკიცებაზე – ამ მოცემულობებში ჩვენ უფრო მეტი გვმართებს, მეტად შესვლა საზოგადოების მესაჭის როლში და ნელ-ნელა თავი უნდა დავაღწიოთ ნაციონალურ მოძრაობასთან პაექრობას,”- განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარი ამოცანა აღარ არის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კამათი.
“ისინი ყველა არჩევნებში ყველაზე უფრო დამაჯერებლად დავამარცხეთ, ახლა კი მთავარი ამოცანა ქვეყნის უკეთ მართვა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. კარგია, რომ თვითმმართველობის და სასამართლოს რეფორმა დავიწყეთ, მაგრამ ეს საქმე ლოგიკურ დასრულებამდეა მისაყვანი. კარგია, რომ სამართალდამცავ სისტემაში სერიოზული ცვლილებებია, მაგრამ კიდევ წინ უნდა წავიდეთ, რომ ევროპულ სტანდარტებს მივაღწიოთ. კარგია, რომ ბიზნესი და მედია პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდა, მაგრამ ახლა საჭიროა მედიაც და ბიზნესიც მეტად იყოს საზოგადოების და ხალხის სამსახურში. ამ კონკრეტული საკითხების მოგვარებას ვთავაზობ კოალიციას და ვთვლი, რომ ამ ამოცანებს ინერციით ვერ გავუმკლავდებით. ამაზე თავად პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა თავის გამოსვლაში ორწლიანი შედეგების შეჯამებისას. ასე რომ, ჩვენ ყველას გვესმის, რომ საჭიროა წინსვლა და კონკრეტულ მოდელებზე მალე შევთანხმდებით,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
გუშინ, 29 ოქტომბერს ვახტან ხმალაძემ, IPN-ს ცნობით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამომავლოდ “რესპუბლიკური პარტიის” კოალიციაში დარჩენა მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.