ახალი ამბები

საიამ ხოფერიას წამების საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა

25 აპრილი, 2019 • 1822
საიამ ხოფერიას წამების საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ირაკლი ხოფერიას წამების საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. საია-ს ცნობით, საჩივარი პოლიციელების მხრიდან ხოფერიას მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასა და ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობას ეხება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლოს საჩივრით მიმდინარე წლის აპრილში მიმართეს.

“წარდგენილ საჩივარში საია დავობს, რომ ირაკლი ხოფერიამ დაზიანებები სწორედ თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში, პოლიციელთა კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე 2 წელზე მეტი გავიდა და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით პირდაპირ დასტურდება პოლიციელთა მხრიდან ხოფერიას მიმართ არასათანადო მოპყრობის ჩადენის ფაქტი, დღემდე არ დასჯილან დამნაშავეევი. შესაბამისად, მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ეფექტიანობის სტანდარტს,” – წერია განცხადებაში.

ირაკლი ხოფერია აცხადებს, რომ  2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მოითხივდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკის ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს.

საიას ინფორმაციით, ხოფერიას შესაძლო წამებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება 2017 წლის 15 მარტს, მომხდარიდან  დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო.  თბილისის პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას, თუმცა, 2017 წლის ოქტომბერში გამოძიება შეწყვიტა.

“საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ი.ხ-ს მიმართ პოლიციელთა მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება არ განხორციელებულა, რის გამოც მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო”, – აცხადებს პროკურატურა.

საია-ს ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე,  ხოფერიას წამების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება პროკურატურაში განახლდა.

საია-ს შეფასებით, ხოფერიას წამების საქმე ნათლად წარმოაჩენს იმ სისტემურ ხარვეზებს, რაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარე  გამოძიების პროცესში ვლინდება.

“ამ სახის დანაშაულის ჩადენის დაუსჯელობა არათუ ვერ უზრუნველყოფს  მომავალში პოლიციელთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების პრევენციას, არამედ შესაძლოა წამახალისებელი ეფექტიც იქონიოს. აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დროულად ამოქმედების საჭიროებას. საია მიიჩნევს, რომ საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებით აღჭურვილი მექანიზმი იქნება სამართალდამცავი ორგანოების სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების გარანტი,“-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებუ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი