მელიქ ალქანი – ექსპერტი თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში
თურქეთის ადგილობრივი არჩევნები მომავლის იმედისა და ამავე დროს, უიმედობის ფონზე წარიმართა. ეს იყო უჩვეულო პერიოდი თურქეთის როგორც საშინაო, ისე მომავალი საგარეო პოლიტიკისთვის.
არჩევნები 31 მარტს ჩატარდა, თუმცა მისი შედეგები კვლავ წარმოადგენს განხილვის თემას. არჩევნების წინ ამომრჩეველთა პრიორიტეტები განსხვავდებოდა, საკითხის გარშემო დებატი კი ინტენსიურად მიმდინარეობდა. მთავარი კითხვა ძირითადად ერთი მიმართულებით ისმოდა: არის თუ არა მართებული საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი თურქეთის საზოგადოებისათვის და მოიპოვებდა თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ისევე როგორც მისი “სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP)”, უმრავლესობის ნდობას.
მიუხედავად იმისა, რომ ხმათა უმრავლესობა AKP-მ და მისმა მოკავშირემ, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ (MHP)” მიიღეს, შედეგი AKP–სთვის დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა. მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით 2 მილიონი ხმა დაკარგა.
ოპოზიციურმა “სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” და “კარგმა პარტიამ” მოიგეს მთავარი ქალაქები, ანკარა და სტამბოლი, რაც ნიშნავს, რომ მმართველი პარტია კარგავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დასაყრდენს მომდევნო, 2023 წლის არჩევნებამდე.
არსებული შედეგების თანახმად, სტამბოლში ოპოზიციის კანდიდატ იმამოღლუს ხმათა 48.80% აქვს, AKP–ს კანდიდატ ბინალი ილდირიმს კი- 48.55%. თითქმის 3 კვირის შემდეგ, ექრემ იმამოღლუ უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მერად დაამტკიცა, იმის მიუხედავად, რომ მმართველი პარტიის მოთხოვნით სტამბოლის გარკვეულ უბნებზე ხმების გადათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” წააგო ამ უბნებზე, იმამოღლუმ კი დასაყრდენი განიმტკიცა. მერობის მანდატის მიღების შემდეგ მან თქვა, რომ 16 მილიონი ადამიანის (სტამბოლის მოსახლეობა) მერი იქნება და რაიმე ნიშნით მათ არ დაჰყოფს.
თურქეთის მმართველი პარტია ამ შედეგით მოხიბლული არ არის. მან მეორედ მიმართა საარჩევნო საბჭოს, გააუქმოს სტამბოლის შედეგები და ხელახალი არჩევნები დანიშნოს ქალაქში. ამ მოთხოვნის მთავარი მოტივაციაა, რომ არჩევნებში ისეთმა ადამიანებმა მისცენ ხმა, რომლებიც 2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ ოფიციალური სამუშაო ადგილებიდან გათავისუფლდნენ. თუმცა, თურქეთის კონსტიტუციით, არჩევნებში მონაწილეობა ყველას უფლებაა. მიუხედავად ამისა, ერდოღანს სჯერა, რომ მისი პარტიის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შედეგები შეიცვლება. განსაკუთრებით, ეს ანკარასა და სტამბოლს ეხება.
ბევრი დამკვირვებლისა და ექსპერტისათვის ადგილობრივი არჩევნების ეს შედეგი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა” და მისი ამჟამინდელი ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის 17-წლიანი მმართველობის დასასრულის დასაწყისს ნიშნავს. ამასთან, არჩევნებმა მოტივაცია აუმაღლა ოპოზიციას და მეტად შესაძლებელი გახადა ახალი, ძლიერი პოლიტიკოსების გამოსვლა მისი წიაღიდან, როგორც ალტერნატივისა, სამომავლოდ თურქეთის დღის წესრიგის შესაცვლელად. ამავე არჩევნებით, ერთი მხრივ, ცვლილებებს უნდა ველოდოთ თურქეთის შიდაპოლიტიკურ ორიენტაციაში, მეორე მხრივ კი, გამორიცხულია, ყოველივე ამან გავლენა არ მოახდინოს მის ურთიერთობაზე მეზობელ სახელმწიფოებთან.
არჩევნების შედეგების გარშემო მიმდინარე დავის გარდა, რომელიც ანტიდემოკრატრიულ იარაღად იქცა მმართველი პარტიის ხელში, არსებობს მრავალი საკითხი საგარეო ურთიერთობათა კრიზისის ფარგლებში, რომელთა წინაშეც ამომრჩევლები დგანან. თურქეთს სურს, შეიძინოს სარაკეტო სისტემა S-400 რუსეთისგან, აშშ-ის F-35-ების, სირიის კრიზისისა და თურქეთის ეკონომიკური პრობლემების ფონზე. ამ პრობლემებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამომრჩეველთა განწყობებში. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეს საკითხები არანაკლებ განსაზღვრავს თურქეთის ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან.
მაგალითისთვის, რუკები ასახავს 2014 და 1019 წლების არჩევნების შედეგებს მოსაზღვრე პროვინციებში – ართვინში, არტაანსა და ყარსში.
2014 წელს “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” მოიგო ართვინი და არტაანი, “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ” კი- ყარსი.
უკვე 2019 წელს მმართველი პარტია ართვინსა და არტაანში “რესპუბლიკურ პარტიასთან” დამარცხდა, მაშინ როცა ყარსში პროქურთულმა “ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ” გაიმარჯვა.
არჩევნების შედეგები და თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. საქართველოს ოფიციალური პირებისთვისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მარტივი შესამჩნევი იქნება მრავალფეროვანი, ოპოზიციური პოლიტიკური ორიენტაცია საზღვართან ახლოს, ლოკალურ დონეზე. თუ “რესპუბლიკური პარტიის” პოპულარობის ზრდა კვლავ გაგრძელდება 2023 წლამდე, ქართველ პოლიტიკოსებს თურქეთის პოლიტიკური ორიენტაციის გადახედვა უკვე საერთაშორისო დონეზე მოუწევთ, ნატოსთან და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან მისი ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში.
“რესპუბლიკური პარტია” პროდასავლური და სეკულარული პარტიაა, განსხვავებით მმართველი პარტიისაგან, რომელიც კონსერვატიული ხედვებითა და ისლამური ფესვებითაა წარმოდგენილი.
რესპუბლიკელებს განსხვავებული ხედვები აქვთ რუსეთთან დაახლოებასა და სირიის საკითხთან დაკავშირებით. ისინი უფრო ფრთხილობენ რუსეთისაგან S-400–ის შეძენის საკითხთან მიმართებით და არ სურთ აშშ–თან ურთიერთობების რისკის ქვეშ დაყენება. მათ სჯერათ, რომ ეს აისახება უსაფრთხოების საკითხებზე შავი ზღვის რეგიონში და თურქეთის გავლენას შეამცირებს კავკასიაში.
მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია აცხადებს, რომ S-400 ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშნველოვანია. საპირისპიროდ, რესპუბლიკელები ფიქრობენ, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია ნატოს თავდაცვითი ქოლგის ქვეშ.
საგარეო საკითხებთან დაკავშირებით ეს კონფლიქტური ხედვები წარმოჩნდა ადგილობრივი არჩევნების დროსაც და, თუმცა მიიჩნევენ, რომ მთავარი ფაქტორი მყიფე ეკონომიკა იყო, გარკვეულწილად, მმართველი პარტიის მარცხი ამ საკითხებმაც მოიტანა.