ახალი ამბები

პრემიერი: მოხეში უკვე არსებობს მეჩეთი და იქ მუსლიმებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ

23 ოქტომბერი, 2014 •
პრემიერი: მოხეში უკვე არსებობს მეჩეთი და იქ მუსლიმებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ

“პირველ რიგში, მინდა შევეხო ადიგენის რაიონში განვითარებულ მოვლენებს, მცირე ინციდენტს, რაც მოხდა გუშინ. მე გავერკვიე ამ საკითხში და მითხრეს, რომ ამ საკითხს აქვს საკმაოდ ვრცელი ისტორია. ადგილზე, სოფელში მაცხოვრებელი ქრისტიანები აცხადებენ, რომ ამ ადგილზე ადრე იყო ეკლესია, რომელიც დაანგრიეს და ამ ნანგრევებით ააშენეს მუსლიმების სამლოცველო მეჩეთი. შემდეგ უკვე ერთი საუკუნის განმავლობაში იქ გადაკეთდა, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს, კულტურული დაწესებულება, კულტურის სახლი იყო და დღემდე ეს შენობა იყო აბსოლუტურად უსარგებლო. ანუ იქ არის ნანგრევები, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია.

 

ადგილობრივმა გამგეობამ გამოაცხადა ტენდერი, კონკურსი, მე როგორც გადმომცეს, იმის თაობაზე, რომ ამ ადგილზე მოეწყობოდა ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებდნენ სოფელში მცხოვრები როგორც ქრისტიანები, ისე – მუსლიმები. მოეწყობოდა კარგი კულტურული დაწესებულება, რათა თავიდან აგვერიდებინა კონფლიქტი, ვინაიდან, ერთი მხრივ, ქრისტიანები აცხადებდნენ, რომ აქ იყო ისტორიულად ეკლესია, ხოლო მუსლიმები ამბობდნენ, რომ აქ იყო მეჩეთი.

 

ამიტომ ერთი საუკუნის განმავლობაში დაახლოებით, შეიძლება მე ვცდები წლებში, მაგრამ დაახლოებით გასულ საუკუნეში მანდ იყო კულტურის სახლი და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ აქ უნდა ყოფილიყო ისევ კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურმა დაადასტურა, რომ ბათუმში ვიზიტის დროს, მას სამცხრე-ჯავახეთის მუფთმა გადასცა მუსლიმების თხოვნა მოხეს მეჩეთთან დაკავშირებით, რომ ის დაბრუნდებოდა მუსლიმებს.

 

“მე გადმომცეს, ვადასტურებ, თხოვნა სამცხე-ჯავახეთის მუფთმა, მაშინ, როცა მე ვიყავი ბათუმში, მუსლიმების თხოვნა, რომ იქნებ კიდევ ერთხელ განგვეხილა. თუმცა მე მინდა შევახსენო ყველა რელიგიის წარმომადგენელს, რომ ჩვენ, სახელმწიფომ შევქმენით რელიგიის საკითხთა სააგენტო სწორედ ასეთი საკითხების შესწავლის მიზნით. შესწავლის შემდეგ ეს სააგენტო რეკომენდაციით მოგვმართავს მთავრობას. მსგავსი რამ არ მომხდარა და შემდეგ მოხდა ისე, რომ მე ვესაუბრე გუბერნატორს, რომელსაც გუშინწინ ჰქონდა კომუნიკაცია ამ რეგიონის მუფთთან და ისინი, საბოლოო ჯამში, მე როგორც გადმომცა გუბერნატორმა, ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის მოეწყობოდა. მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ მუფთისთვის მოწყობილიყო იქ რეზიდენცია და გუბერნატორის შეთავაზებით მუფთისთვის სახელმწიფო გამოყოფდა სახსრებს, რომ მუფთისთვის ცალკე აეშენებინათ პატარა ზომის რეზიდენცია ამავე სოფელში არსებულ მეჩეთის ტერიტორიაზე. ანუ მე ვაკონკრეტებ, რომ ამ სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი, ანუ იქ პრობლემა არა აქვთ მუსლიმებს ლოცვის ან ა.შ. ასე რომ, აქ მე მგონია, ნორმალური გონივრული გადაწყვეტილება იყო, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გუშინ, 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის დემოტაჟს დაუპირისპირდა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რის შემდეგაც თვითმხილველების თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის მხრიდან რამდენიმე მოქალაქის ცემის ფაქტს. საბოლოოდ პოლიციამ გუშინ სოფელ მოხეში 14 ადამიანი დააკავა სხვადახვა ბრალდებით.

 

“გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროა და, რა თქმა უნდა, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ეს არის მიუღებელი, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, მე მინდა განვაცხადო, რომ ყველა მოქალაქე არის კანონის წინაშე თანაბარი და აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არა აქვს, თუ რომელი მოქალაქე იქნება რომელი რელიგიის კუთვნილებით. რა თქმა უნდა, მიუღებელია და დასაგმობია იგივე ის ძალადობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ- პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით, ჩამსხვრევა მინების. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ყველა მოქალაქე არის კანონთან თანაბარი და თანასწორი.

 

მე მქონდა საუბარი გუშინ ხელმეორედ მხარის გუბერნატორთან, რომელმაც მითხრა, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ გაარკვევს ადგილობრივ მოსახლეობასთან და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იქნება ეს ქრისტიანი თუ მუსულმანი მოსახლეობა – თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენ ხართ თანასწორნი და ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ კანონს. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული მაქსიმალურად და არავის მივცემთ საშუალებას, რომ თქვენი უფლებები ვინმემ დააზიანოს და შეურაცხყოს, იქნება ეს თქვენი მრწამსი თუ სხვა. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი