“სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულ ადამიანებს. ჩვენ საერთო საქმეზე ადამიანები დაიჭირეს, სცემეს, რა პირით მივიდე და დავიძინო, აქ ვიქნები გათენებამდე და სანამდეც მომიწევს”,- განაცხადა სოფელ მოხეს მცხოვრებმა ოთარ გორგაძემ.
მისივე თქმით, ადგილზე დაახლოებით 200 ადამიანია შეკრებილი.
დღეს, 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან 50-მდე პოლიციელი დილიდან იყო მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, იქ ერთ-ერთი შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. ადგილობრივი მუსლიმები მეჩეთის ნაცვლად კულტურული ცენტრის და ბიბლიოთეკის მშენებლობის წინააღმდეგია. ჭელის მინარეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ მათ მუფთი ჯემალ პაქსაძე მოხეს მეჩეთის გადმოცემას დაპირდა და უთხრა, რომ ეს საკითხი სახელმწიფოსთან მოგვარებული იყო. მისივე თქმით, ასე არ მომხდარა და ჯემალ პაქსაძემ ისინი მოატყუა, რის გამოც მას უნდობლობას უცხადებენ.
ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე სამუშაობის დაწყებას ადგილობრივ მუსლიმების უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივი მცხოვრები ოთარ გორგაძე ამბობს, რომ პოლიციამ რამდენიმე ადამიანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი ინციდენტის გამო შსს-მ 14 პირი დააკავა, აქედან 11 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ხოლო 3 მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებითაა დაკავებული.