ახალი ამბები

პროკურატურა განმარტავს, რატომ არ მოითხოვა ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის სახით პატიმრობა

24 აპრილი, 2019 • 1315
პროკურატურა განმარტავს, რატომ არ მოითხოვა ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის სახით პატიმრობა

საქართველოს პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს, თუ რატომ არ მოითხოვა აღკვეთის სახით საპატიმრო ღონისძიება:

“როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

აღნიშნული პრაქტიკა პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს”, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის განმარტებით, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, ან პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.


ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეტს განუცხადეს, რომ დასრულდა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეს იყო კოკაინი – 0.5659გ და ექსტაზი (MDMA)- 0,1921გ

უწყების ინფორმაციით, “განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით”.

ჯიბღაშვილმა აღიარა, რომ მისი ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებები ნამდვილად მას ეკუთვნის და თანამშრომლობს გამოძიებასთან. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 15 ათასი ლარის შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ჯიბღაშვილი გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან.

პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” გუშინ გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ჯიბღაშვილის გათავისუფლება უკავშირდება მის გავლენიან სანაცნობო წრეს და დამატებითი კითხვებით მიმართა სამართალდამცავ უწყებებს ამ ეჭვების გაფანტვის მიზნით.

ფეისბუკის პირად გვერდზე ჯიბღაშვილს არაერთ გავლენიან ადამიანთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის, შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან. ჯიბღაშვილმა გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ ის “ნახევარ საქართველოს” იცნობს და გავლენიანი ნაცნობებისთვის დახამრება არ უთხოვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი