შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ოქროპირიძის განმარტებით, ცვლილება აისახება სისხლის სამართლის კოდექსის 1261მუხლზე (ოჯახში ძალადობა). ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, რაც, ოქროპირიძის თქმით, არ იყო ეფექტური და დაემატება სანქციის ნაწილში – თავისუფლების აღკვეთა.
“ეს მისცემს შსს-ს წარმომადგენლებს შესაძლებლობას, რომ განსაკუთრებით აგრესიული მოძალადე პირების მიმართ და ასევე, როდესაც არსებობს ფაქტები და გარემოებები გამოძიების დასაწყებად, პოლიციელს ექნება უფლებამოსილება ამ შემთხვევაში გამოიყენოს სისხლის სამართლის წესით დაკავების უფლებამოსილება, რაც დღეისთვის არ აქვს პოლიციელს და ჩვენ თუ ამ ცვლილებებს მივიღებთ, მაშინ ექნება”, – განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.
მისივე განმარტებით, სასჯელის ზომად განისაზღვრება პირველ შემთხვევაში ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო მაკვალიფიცირებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, 1-დან 3 წლამდე ვადით:
“მოსამართლის გადასაწყვეტი იქნება, სასჯელის რა ზომას გამოიყენებს”, – განმარტავს ზვიად ოქროპირიძე.