“მხოლოდ თეატრალიზებული წარმოდგენებით და ამ ისტერიკით ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, პირიქით, დავძაბავთ დაძაბულ მოსახლეობას. მე ძალიან მიკვირს ადამიანების, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ისტერიკით პასუხობენ პრობლემას. ამით პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ სამოქმედო გეგმა, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცავებს უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს. ლექსო [ჭიკაიძე] გვესწრება და იცის, რომ მიმართავენ მაშინ, როდესაც აფექტის მდგომარეობაშია ჩავარდნილი ქალი, შემდეგ პოლიციელი მიდის, ის მშვიდდება, ეუბნება, რომ პრობლემა მოვაგვარეთ, რეალურად პრობლემა არ არის მოგვარებული და ხდება ტრაგედიაც. ამიტომ ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ პოლიციას ვერ დავაბრალებთ ამ პრობლემას. პრობლემა გაცილებით დიდია და ჩვენ რომ პოლიციას დავაბრალოთ, ეს დიდი უსამართლობაა”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ეს ძალადობა ყოფილი ხელისუფლების რეპრესიების დროს დაგროვებული ძალადობის წარმოჩინებაა:
“სააკაშვილმა 320 000 ადამიანი გაასამართლა, ათასობით ადამიანი რეპრესირებულია საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს რთული პრობლემა რაც ჩამოყალიბდა, ეს წლების განმავლობაში დაგროვებულია, რამაც, სამწუხაროდ, გამოიღო შედეგი და ამ თავისუფლების ფონზე წარმოჩინდა ეს. ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი წარმოჩენილი და ამას ჭირდება მუშაობა”- განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს, 22 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიაშია უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახში ძალადობის თემებზე იმუშავებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება. ჯგუფის შემადგენლობაში იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები შედიან, პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე – საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს გაიმართება.