პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორის ჯგუფში შემავალი სტრუქტურების ხელმძღვანელებს სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაავალა. მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე შექმნილი კომისიის შემადგენლობის შეცვლაზე. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა იუსტიციის მინისტრს პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის მიზეზები კომპლექსურ გამოკვლევას საჭიროებს:
„ის, რაც ხდება, კომპლექსური გამოსაკვლევია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რელიგიას. ფაქტია, რომ ძალადობა შობს ძალადობას, აგრესია- აგრესიას, წლების განმავლობაში ნანახს და მოსმენილს, ზოგიერთისთვის კი საკუთარ თავზე გადატანილი წამების, მკვლელობის, დევნის, რეპრესიების შემდეგ გასაკვირი არაა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც გვქონდეს საქმე,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.
უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც ძალადობის პრობლემატიკაზე, მათ შორის, ოჯახში ძალადობის თემებზე იმუშავებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება. ჯგუფის შემადგენლობაში იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები შედიან, პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე – საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს გაიმართება.






