ახალი ამბები

კერზაიას საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე კენჭისყრა გადაიდო

23 აპრილი, 2019 • 1295
კერზაიას საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე კენჭისყრა გადაიდო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილა, თუმცა საკითხის კენჭისყრაზე გატანა გადაავადა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისა და მისი დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განათლების კომიტეტში თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის ინიციატივა ეკუთვნით “ევროპული საქართველოს” წევრებს: სერგი კაპანაძეს, სერგო რატიანსა და ლელა ქებურიას.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სხდომის წამყვანმა გენადი მარგველაშვილმა საკითხის ინიციატორებს შესთავაზა, ამ თემაზე დამატებითი განხილვა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან ერთად მოეწყოს. სერგი კაპანაძის აზრით, მომავალ განხილვაზე ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც უნდა მიიწვიონ.

თემატური მოკვლევის ჯგუფი, აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, კომიტეტის ან პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებით იქმნება. ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 2 თვის ვადაში ამზადებს დასკვნას.


ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, ჩატარებულ ინსპექცია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, რასაც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. როგორც ბაჩანა შენგელიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”. ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი