ახალი ამბები

კალაძე: ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია

23 აპრილი, 2019 • 1262
კალაძე: ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია

თბილისის მერი კახა კალაძე პანკისში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია წყლის რესურსების მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენება და ყველა, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ქვეყნის მტერია:

“პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული ის წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია […]. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია”,- განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი