ცქიტიშვილმა დაადასტურა ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სასტუმრო “მანდარინ ორიენტალში” გადახდილი თანხის თაობაზე, რამაც შეადგინა 175 651 ლარი. ცქიტიშვილის თქმით, დელეგაციის ვიზიტის დროს პროტოკოლითაა გათვალისწინებულია შესაბამისი სასტუმროები და “ეს, ბუნებრივია, ქვეყნის იმიჯის საკითხია”.
“მოგახსენებთ, რომ გაჟღერებულ სასტუმროში აღებული იყო მხოლოდ სამი ნომერი. აქედან, ბუნებრივია, პრემიერს და მის მეუღლეს ჰქონდათ აღებული მხოლოდ ერთი ნომერი. ხოლო საქართველოს დელეგაციის წევრები განთავსდნენ ოთხ და სამვარსკვლავიან სასტუმროებში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მანვე დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ დელეგაციის ტრანსპორტით მომსახურებისთვის 147 375 ლარი დაიხარჯა:
“ტრანსპორტი ემსახურებოდა 46-კაციან დელეგეციას და მათ შორის მინისტრებს, რომლებსაც ჰქონდათ ინდივიდუალური პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებით”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის კანცელარიამ გადაიხადა 42 ათასი ლარი ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართული ქართული ფილმების ერთთვიანი რეტროსპექტივისთვის, “რაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის”.
ცქიტიშვილის თქმით, დამახინჯებულად წარმოადგინა ინფორმაცია ირმა ნადირაშვილმა სასტუმროს მინიბარების გამოყენების თაობაზე, როდესაც მან თქვა, რომ “ბიუჯეტიდანაა გადახდილი ასევე სასტუმროს დამატებითი ხარჯები, 25 694 ლარი, ანუ მინიბარის ხარჯი, სასმელის ხარჯი და სადილის ხარჯი”.
“მინიბარისთვის არ დახარჯულა არც ერთი თეთრი და არც დელეგაციის არც ერთი წევრისთვის. ხოლო დანარჩენი თანხა დახარჯული იყო მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების მომსახურებაში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ირმა ნადირაშვილის თქმით, პრემიერ–მინისტრმა და მისმა მეუღლემ ავიაბილეთში მიუნხენი–ნიუ იორკი–მიუნხენი, თითოეულმა 20 000 ლარი გადაიხადა. ამის საპასუხოდ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის გადაწყვეტილება იყო, რომ დელეგაციას ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავით ესარგებლათ, რითაც, მისი განცხადებით, “დაიზოგა თანხა 300 ათასი ლარის ოდენობით, რაც მთელი ვიზიტის ხარჯის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს”.
“რაც შეეხება ბილეთებს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს გავლენა საერთაშორისო ფრენების ტარიფებზე. პრემიერთან შეთანხმების გარეშე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მთავრობის მეთაურისთვის შეძენილი ყოფილიყო პირველი კლასის ბილეთი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ნადირაშვილის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა დელეგაციის 16 წევრის სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, რაც შეადგენს 562 965 ლარს.
შეგახსენებთ, რომ ნიუ–იორკში საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 2014 წლის 22 სექტემბერს გაემგზავრა. მან მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალურ ასამბლეაში.





