ახალი ამბები

უსუფაშვილი: საქართველოს ბიუჯეტს კაპიკი არ გადაუხდია ჩემი სტატიის გამოქვეყნებაში

21 ოქტომბერი, 2014 •
უსუფაშვილი: საქართველოს ბიუჯეტს კაპიკი არ გადაუხდია ჩემი სტატიის გამოქვეყნებაში

“გეტყვით ყველაფერს, რაც ვიცი ამის შესახებ. ვიცი ის, რომ რაც ამ სტატიაში წერია, არის სრული სიმართლე და მე გადავწყვიტე საერთაშორისო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ამეხსნა, თუ რაშია საქმე.


დაახლეობით ერთი თვის წინ დაიწერა ეს სტატია. მაშინ, როდესაც განსაკუთრებით რთულდება ჩვენი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებაში და ვხედავთ, რომ არის სერიოზული ხიფათი, ამ დროს, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდრომარე, ვერ ვიჯდები აქ, ჩემს ოთახში და მშვიდად ვერ ვუყურებ იმას, როგორ ავრცელებენ დეზინფორმაციას ცალკეული პოლიტიკოსები საქართველოს, იმის შესახებ თითქოს რუსეთს უკვე ანექსირებული აქვს საქართველო; რომ რუსეთის და პუტინის მარიონეტები სხედან საქართველოს ხელისუფლებაში. ეს არის საკუთარი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველაზე უფრო სერიოზული არასწორი ქმედება, რაც შეიძლება ჩაიდონის პოლიტოკოსმა. მაგრამ ვინაიდან საკუთარი, წარსულში ჩადენილი ქმედებების გასამართლებლად ძალიან ბევრი ყოფილი თანამდებობის პირი აგრძელებს იმ მითის გავრცელებას მსოფლიოში, რომ ივანიშვილი ან კოალიცია “ქართული ოცნება” ეს არის პუტინის მართული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, დიახ, მე გადავწყვიტე, რომ სწორედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ფაქტები და შეფასებები თავად გააკეთონ.


ამან ძალიან სერიოზული შედეგი გამოიღო, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაუფიქრდა ამ მოვლენებს და ეს არის ამ ქვეყნისთვის ძალიან კარგი მოვლენა.

 

რაც შეეხება თავად სტატიის გამოქვეყნებას, მე ეს სტატია დავწერე და მსურდა მისი გამოქვეყნება. რამდენიმე ევროპულმა გაზეთმა შემომთავაზა მისი დაახლოებით ერთი მეოთხედის დაბეჭდვა, ვინაიდან სრულად ის ვერ დაიბეჭდებიდა. ამასობაში მითხრეს, რომ არსებობს ქართული გვერდი agenda.ge, რომელიც ინგლისურ ენაზე აქვეყნებს და აქვს კონტაქტები სხვადახვა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, რომლებიც ასევე გადაბეჭდავენ ამ სტატიას. შესაბამისად, მე ეს სტატია ინგლისურ ენაზე გადავეცი agenda.ge-ს და მივეცი პირობა, რომ სანამ ინგლისურ ენაზე თავად არ გამოაქვეყნებდნენ, მე არ გავავრცელებდი ამ სტატიის ორიგინალს ქართულ ენაზე.

 

ეს არის ის, რაც ვიცი მე. ისევე როგორ თქვენ, მეც ვნახე, რომ იგი დაიბეჭდა საერთაშორისო New York Times-ში. მოხარული ვარ, რომ ის დაიბეჭდა. როგორ დაიბეჭდა, ვინ დაბეჭდა, მე არ ვიცი.


ვიცი ის, რომ არც მე, არც საქართველოს პარლამენტს, არც საქართველოს ბიუჯეტს არც ერთი კაპიკი ამ საქმეში არ გადაუხდია. არც გვერდის ყიდვაში და არც რაიმეს სადმე გადაგზავნაში. და ახლავე მივმართავ ყველას, რომ თუ ვინმე თვლის საქართველოს სჭირდება სიმართლის გავრცელება მსოფლიოში ამ თემაზე და გადაწყვეტს, რომელიმე სხვა გაზეთში გადაბეჭდოს, მე არ მაქვს პრობლემა; თუ ვინმე თვლის, რომ გადაიხდის თავის თანხას იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს, კიდევ უფრო მეტად გაავრცელონ. იმიტომ, რომ რაც აქ წერია, არის სიმართლე და ამის გატანა და მიტანა საერთაშორისო საზოგადოებამდე არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს არის ყველაფერი.


მე არ ვიცი, საერთოდ რამე არის გადახდილი თუ არა. მე გითხარით ის, რაც ვიცი. მე ის ვიცი, რასაც მე ვაკეთებ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი