ნეტგაზეთი | პორტუგალიასთან შრომით მიგრაციაზე თანამშრომლობაზე შევთანხმდით – საგარეო პორტუგალიასთან შრომით მიგრაციაზე თანამშრომლობაზე შევთანხმდით – საგარეო – Netgazeti

პორტუგალიასთან შრომით მიგრაციაზე თანამშრომლობაზე შევთანხმდით – საგარეო

“პორტუგალია მზად არის საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისთვის” – საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  და პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განიხილეს დავით ზალკალიანის ლისაბონში ვიზიტის დროს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პორტუგალიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოსთან დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე.

“კერძოდ, უკვე განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები და აღნიშნულ საკითხზე იგეგმება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში, რა დროსაც მოხდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება. უმნიშვნელოვანესია, რომ საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შემდგომ პორტუგალია იქნება ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა, ვისთანაც საქართველო ამ მიმართულებით შეთანხმებას გააფორმებს. აღინიშნა, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ქართველი სპეციალისტებისთვის, დასაქმდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. ასევე, შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების დარეგულირებას

აღსანიშნავია, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს შრომითი მიგრაციის სფეროში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას. როგორც ცნობილია, უკვე ძალაში შევიდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება „კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში  შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყოს. შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან,   დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე ისრაელთან და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პორტუგალიის რესპუბლიკას მიმდინარე წლის 21-22 აპრილს ეწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com